ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება.
„ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა.
მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას ხვდება. მარსელო, როგორც ჩანს ითამაშებს, მაგრამ არის კი გარანტია, რომ მას კვლავ არ ატკივდება წელი? ბრაზილიელთა ექიმმა როდრიგო ლასმარმა უცნაური რამ თქვა:
„გადაჭრით თქმა ითამაშებს თუ არა მარსელო მექსიკასთან ჯერ ცოტა ადრეა. რაც შეეხება პასუხს კითხვაზე რა დაემართა მას სერბეთთან თამაშის დროს: ვფიქრობ, სასტუმროში ცუდი მატრასები იყო და ტრავმაც ამან განაპირობა”.