„ესპანეთის ნაკრების მთავარი პრობლემა ფერნანდო იეროა”, — ამბობს „რეალის”, „ატლეტიკოს” და „ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, 58 წლის გერმანელი ბერნდტ შუსტერი.
„იერო მწვრთნელი არ არის. ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა სხვადასხვაა. მწვრთნელს ძალიან მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს”, — დასძინა შუსტერმა მასშტაბით მეორე ესპანურ რადიო „ონდა სეროსთან” ინტერვიუში.
ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ფერნანდო იერო მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ნაკრების სპორტული დირექტორიდან მწვრთნელად, ყველასთვის კარგად არის ცნობლი და აღარ გავიმეორებთ. გეხსომებათ, როგორ მოხსნეს თანამდებობიდან ხულენ ლოპეტეგი იმის გამო, რომ მადრიდის „რეალის” მწვრთნელობას დათანხმდა, რაც ზოგი წყაროს თანახმად ფეხბურთის ფედერაციის ზურგსუკან ჩაიდინა, ზოგი წყაროს მიხედვით კი ფედერაცია საქმის კურსში იყო.
შუსტერი: „იერო გუნდში ძალიან გვიან მივიდა და ეს მისი ბრალი არ არის. ცუდი ის გახლავთ, რომ ახლა ის გადაწყვეტილებებს ალალბედზე იღებს, რაც ურთულეს მდგომარეობაში აყენებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში ესპანეთის ნაკრებმა თავის სიძლიერეში ვერ დამარწმუნა. ჯერჯერობით მისი პოტენციალის ძალიან დაბალი პროცენტი ვიხილეთ”.
ესპანელმა რადიოჟურნალისტებმა შუსტერს გერმანიის ნაკრების მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა:
„ეჭვი არ მეპარება, რომ იოაჰიმ ლიოვი მუშაობას გააგრძელებს და არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ სექტემბერში ახალი შეჯიბრება დაიწყება. ლიოვს საკმაოდ ენდობიან”.