აი, რამდენი რამე ხდება მსოფლიო თასზე და რამდენი განცდა, ტკივილი და სიხარული იფრქვევა ეკრანიდან, მოედანზე და მოედნის გარეთაც უამრავი დიდი და პატარა ამბავი ხდება და მაყურებელს ერთგვარი სევდაც კი იპყრობს ხოლმე, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მსოფლიო თასის პირველი უფეხბურთო დღე დადგება ხოლმე.
მთელს ამ პირველი წრის ორომტრიალში, ერთ-ერთი ყველაზე დრამტული არგენტინის ნაკრების ჯგუფიდან გაღწევის ისტორია იყო, როცა მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა დიდი გაჭირვებით გადალახეს ჯგუფური უღელტეხილი.
რა თქმა უნდა, მთავარი თამაშები იყო, მაგრამ ყველას დაამახსოვრდებოდა დიეგო მარადონაც, რომელიც რუსული სტადიონების ვიაიპ ლოჟებიდან ქომაგობს თავის ეროვნულ ნაკრებს.
ეს ქომაგობა, მთელმა მსოფლიომ ნახა.
თავიდან, ისეთი იყო, როგორიც არის ხოლმე, როცა მარადონა ლოჟაში ღელავს, როცა საქმე ნაკრებს და „ბოკა ხუნიორსს“ ეხება ხოლმე. ასეთ დროს, ის კოცნის ჯვრებს, ხატებს, სკვნილებს, შესთხოვს ღმერთს, თვალზე ადგება ცრემლი და ტუჩზე სიმღერა და სხვა რამ ასეთი აღკაზმულობა, რაც მარადონას ტრადიციული, ერთგვარად წრფელი თეატრია.
თანაც, ასეთ დროს, მარადონა, მართლაც თავგადაკლული მოყვარე თავისი ნამდვილი სისხლისა და ხორცისა, არგენტინის ნაკრებისა, ცდილობს ხოლმე გუნდის დახმარებას, ითხოვს, საწვრთნელ ბაზაზე შეშვებას, იხსენებს იმ თავდადებას, რომლითაც გადიოდა მინდორზე არგენტინის სახელით სათამაშოდ და მკაცრ და ჭკუის სასწავლებელ რამეებსაც წარმოთქვამს. ეს ყველაფერი გასაგებია და ცნობილი.
ასეთი კაცია, მშვიდად ვერ იქნება, თუ რამ მოვლენა მის გულს ეხება.
უნდა ჩაერიოს და თავისი უკიდეგანო სახელიც უნდა მოიხმაროს, დაუვიწყარი სახეხატება კი წარმოაჩინოს.
მაგრამ მეორე, ცოტა სხვანაირი მარადონაც არსებობს. ის პირველიც საკმაოდ კარიკატურულია, მაგრამ ეს მეორე, მთლად იმ პირველის კარიკატურა შეიქნება ხოლმე და მერე სამყაროს საუეკთესო ფეხბურთელისგან არაფერი რჩება.
ჰოდა, ეტყობა, ნიგერიასთან თამაშზე, მარადონას ნაკრებისადმი გულისტკივილი და ვიაიპ ლოჟის ძვირიანი ღვინოები, დიეგოს სული ფინტად შეეხამენ ერთმანეთს და მარადონამ აიწყვიტა.
ჯერ იძინა, მერე იყვირა, მერე თეატრი ვეღარ მოზომა, საბოლოოდ შუა თითებიც დაანახა ნიგერიას და მისი სახით სამყაროს.
იმის მიუხედავად, რომ როხოს გოლი არ დაუნახავს და ბოლოს გულიც აუფრიალდა და ძლივს შეიყვანეს ლოჟაში, სადაც უწამლეს და მერე სასწრაფომაც გააქანა.
რა თქმა უნდა ატყდა ამბავი, რომ ისევ კაიფშიაო, ვიაიპ ლოჟის შუშას კოკაინი უსვიაო და სხვა სისულელები. ღვინო დავლიეო, ბევრიო. ასე თქვა და კერძო თვითმფრინავიდან პახმელიას მიახლოებული ფოტო გამოგზავნა, კარგად ვარო, ნუ ღელავთო.
მართლა ღვინო დაელია, ოღონდ, თურმე ძილის წამლებთან ერთად. ძილის წამლებზე კი არ შეიძლება. იმ წამლების გარეშე კი, ვერ იძინებს. ჰოდა, დალია რა, დაიღალა.
დადის, ნერვიულობს, თან მსოფლიოს ენახვება. რომელ კაცს არ მოუვა, ძილის წამალზე ღვინის მიყოლება. ის წამალი ისედაც აშტერებს და ზემოდან ღვინო და ზემოდან კარიკატურა. ხომ გასაგებია. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შემიშვით გუნდთანო, მოტივაციას ავუწევო. კიდევ კარგი, არ შეუშვეს. ან ვინ შეუშვებდა, მგონი, იქ მთავარ მწვრთნელსაც არ უშვებენ ფეხბურთელები ბაზაზე. განწყობას გააჩნია.
და გაზა?
განა გაზას უარესი არ დაულევია და უარესი არ აურევია? უბრალოდ, ლოჟებში არ ზის და ქვეყნის მთავარი სოციალურ-კულტურული ფენომენი არ ჰგონია თავი. გაზაა რა, ღვინოს კი არა, მშრალ ჯინს დააყოლებს ეგეთ წამლებს და უფრო პაბის კართან მოსაწევად გამოსული წაიტრაბახებს, ჯორჯ კლუნის დაურეკია, ჩემი ნახვა უნდაო.