გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბერტი ფოგტსი თანამემამულეებს მდგომარეობიდან გამოსვლის არატრადიციულ ხერხს სთავაზობს. „რაინიშე პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფოგტსმა თქვა: „დღეს მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. აჯობებს ექსპერტების აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა მოვიწვიოთ საფეხბურთო კავშირის ოფისში იურგენ კლოპი, დავიდ ვაგნერი, გერონტ რორი და სხვები, რათა მათ იმსჯელონ და თავიანთი აზრი გამოთქვან?”

ფოგტსი, რომელმაც ბუნდესნაკრები 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახადა, ფიქრობს, რომ ფიასკოს მიუხედავად იოაჰიმ ლიოვზე კარგ კანდიდეტურას ამჯერად მაინც ვერ მოძებნიან და ქვეყნის საფეხბურთო კავშირს ასეთ რჩევას აძლევს:

„ყოველთვის კომფორტის ზონაში ვერ იქნები. თუ განვითარება გინდა დროგამოშვებით ახალი ბიძგი და გადატვირთვა გჭირდება”.

მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფში შვედეთის, მექსიკისა და კორეის შემდეგ ბოლო ადგილზე ჩარჩენა კი სავარაუდოდ სწორედ გადატვირთვის წინაპირობაა.

ფოგტსმა თქვა: „ბოლო რამდენიმე წელიწადია გერმანულ ფეხბურთს განათლება დააკლდა. კერძოდ, ახალგაზრდა მწვრთნელები არ აღგვიზრდია. ჩვენს ახალგაზრდებს უცხოეთში უნდა მიეღოთ გამოცდილება და შემდეგ აქ, სამშობლოში გაეზიარებინათ. ეს ყოველთვის აფართოვებს ჰორიზონტს და ახალ იმპულსს იძლევა”.

ფეხბურთელობის დროს 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა განაგრძო: „ბევრჯერ მითქვამს, რომ შეცდომებს საფეხბურთო აკადემიებშიც კი ვუშვებდით. ეს ყველაფერი ბოლო კვირების ამბავი არ გეგონოთ, ჯერ კიდევ 2014 წლამდე იღებს სათავეს. არადა, გერმანულ ფეხბურთზე რაიმე კრიტიკული რომ გეთქვა, მტრულად შემოგხედავდნენ.

ყველას ყველაფერი სწრაფად უნდა. მსხვილი სატელევიზიო კომპანიები რეპორტაჟებში დიდძალ ფულს იხდიან და უნდათ, რომ ბუნდესლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგა იყოს. როგორც ხედავთ თამაშის ხარისხი თავისას მეტყველებს”.

ბერტი ფოგტსის თქმით გერმანულ ფეხბურთში ყველა წვრილმანი შესამოწმებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმაღლესი დონის სანაკრებო ფეხბურთთან ჩამორჩენა უფრო და უფრო გაიზრდება.