სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს.
კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. „სპორტი” ამბობს, რომ იმ მომენტში, როდესაც სამპაოლი მესის გაესაუბრა, არგენტინელებს მოედანზე ორი თავდამსხმელი ჰყავდათ — გონსალო იგუაინი და თავად მესი. სამპაოლის კი თავდასხმის გაძლიერების მიზნით საქმეში აგუეროს ჩართვაც უნდოდა. სწორედ ამიტომ უხმო მან მესის და უთხრა, რომ აპირებს იგუაინს აგუერო შეუწყვილოს, მას კი ოდნავ უკან დახევა მოუწევს, რათა ფორვარდთა წყვილს ზურგიდან დაეხმაროს.
მართლაც, 79-ე წუთზე აგუერო მოედანზე ტალიაფიკოს მაგივრად შევიდა, შვიდი წუთის შემდეგ კი როხომ გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც ანგარიში 2:1 გახდა და „ალბისელესტე” მერვედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს შეხვდება.