მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩენის შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს თავისი მომავლის შესახებ გარკვევით არაფერი უთქვამს. ამ თემაზე „შპორტბილდს” ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ბოსი რაინჰარდ გრინდელი დაელაპარაკა ორიოდ სიტყვით.

„ლიოვს წუხელ ველაპარაკე. იმაზე შევჯერდით, რომ რას და როგორ მოვიმოქმედებთ, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ”, — ბრძანა გრინდელმა.

კორეასთან 0:2 წაგების შემდეგ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად 58 წლის მწვრთნელმა საკითხი ღიად დატოვა: „ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია. რასაკვირველია, თუ ვინმემ უნდა შეხედოს ჩემს ნამუშევარს ეჭვის თვალით, ეს უპირველეს ყოვლისა თავად მე ვარ. სხვებზე ადრე სწორედ მე უნდა დავფიქრდე და მივხვდე რა შემეშალა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. რამდენიმე საათი გონს მოსაგებად მჭირდება. ცხადია, პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა. მთელი გერმანული ფეხბურთი დამარცხდა. მარტო ერთი თამაში კი არ წავაგეთ, მთელი ბოლო წლების ნაშრომი დაიმსხვრა”.