სათაური ცოტა შევაკოხტავეთ. მუნდიალზე არაფერი არაა ადვილი, მაგრამ დავწერთ და თავად ნახავთ განსხვავებას.
მაგარი ამბები დატრიალდა მუნდიალის G ჯგუფში. დღეს ინგლისი-ბელგიაა, ორივე გასულია ჯგუფიდან, ორივეს ექვს-ექვსი ქულა აქვს და ორივეს ბურთების ერთნაირი შეფარდება – 8:2. თუ ფრედ მორჩა, ბარათების რაოდენობით გადაწყდება პირველ-მეორეადგილოსანი.
მაგრამ ამაზე კი არა, სხვა რამეზე გავამახვილებთ ყურადღებას…
ეჭვი გვაქვს, არცერთს არ უნდა ამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. ნახეთ, რა ხდება. ხსენებული G ჯგუფის გუნდები მერვედფინალში გადიან ბოლო, H ჯგუფზე, სადაც არიან კოლუმბია, სენეგალი, იაპონია და პოლონეთი. არ ფიქრობთ, რომ ყველა თითქმის ერთი დონისაა? კოლუმბია ის კოლუმბია აღარაა, ოთხი წლის წინ რომ იყო. ამიტომაც, ინგლისისთვის და
ბელგიისთვის თითქოს სულერთი უნდა იყოს, მერვედფინალში ვის შეხვდებიან…
აი, მეოთხედფინალში კი გზა რთულდება. რატომ? ინგლისი-ბელგიიდან ვინც პირველზე გავა და მერვედფინალს გაივლის, მეოთხედფინალში ეკვეთება ბრაზილია-მექსიკიდან გასულს…
აი, ინგლისი-ბელგიიდან ვინც მეორეზე გავა და მერვედფინალს გაივლის, მეოთხედფინალში ეკვეთება შვედეთ-შვეიცარის შორის მოგებულს.
ვის აწყობს ბრაზილიასთან „დატაკების“ პერსპექტივა?
მეოთხედფინალში შვედეთი ან შვეიცარია მეტოქედ, როგორც იტყვიან, კანფეტია…
ვეჭვობთ, ინგლისიც და ბელგიაც სამომავლო ამბებს უყურებენ და მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლას არ დასჯერდებიან. ორივეს დიდი ამბიცია აქვს და იმიტომ, ან კი ვინაა იქ უამბიციო?!
ჰოდა, მგონი, ორივეს წაგება აწყობს…
ისე, გერმანია იყო ამგვარი ხლართვების ოსტატი. როგორღაც ისე ახერხებდა, რომ იოლ გაზაზე გადიოდა. ასე მოხდა 1974 წელს, როცა გდრ-თან წააგო ჯგუფში და მერე ჰოლანდია-ბრაზილია-არგენტინა აიცილა ფინალამდე…
ასე იყო ჯერ კიდევ 1954 წელს, როცა „ბერნის სასწაული“ მოახდინა. მანამდე ჯგუფში უნგრეთთან 3:8 წააგო მეორე შემადგენლობით, მეოთხედფინალ-ნახევარფინალში იუგოსლავია და ავსტრია გაიარა, უნგრელები კი ბრაზილია – ურუგვაიზე გაუშვა.
ასე იყო 1986 წელსაც, როცა ჯგუფში ბოლოს დანიასთან წააგო, შესაბამისად, დანია მერვედფინალში ესპანეთს ჩაუგდო ხახაში, თავად კი მაროკოზე გავიდა და მაროკოს რომ გასცდა, მერე მექსიკა ელოდა…
იცოდა იოლი გზის არჩევა, თუმცა რუსეთში საერთოდ არაფერი გამოუიდა…
ბელგია და ინგლისი როგორ ითამაშებენ, ესაა საინტერესო.