გახურდა დიდი საჭადრაკო ტურნე (Grand Chess Tour) – საჭადრაკო სუპერტურირთა სუპერსერია, თავის შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატსაც რომ ფორას მისცემს. წელს ტურნე ხუთეტაპიანია: “თქვენი სვლაა” (Your next move) ბელგიურ ლოივენში, 12-16 ივნისს, ფილიპინო-ამერიკელმა უესლი სომ მოიგო, ხოლო პარიზში ტურნეს მეორე ეტაპზე (Paris GTC), ასევე ამერიკელმა, ოღონდ იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ იხეირა.
შეჯიბრში პლანეტის 10 ბობოლა დიდოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც ჯგუფურად სწრაფი და ბლიც პარტიები გაითამაშეს. საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარი იყო, საიდანაც გამარჯვებულმა 37,5 ათასი მიიღო.
პირველ სამ დღეს სწრაფი ჭადრაკი ჯერი იყო და მონაწილეებს ქულები ასე დაერიცხათ: მოგება – 2, ხოლო ყაიმი – 1. მომდევნო ორი დღე ბლიცს დაეთმო, სადაც მოგება უკვე ერთი ქულა ღირდა, ყაიმი – ნახევარი.
თავიდან ლოივენის ტურნირის გამარჯვებული, 24 წლის სო მძლავრობდა და ორი დღის შემდეგ უახლოეს მდევარს, სომეხ ლევონ არონიანს ქულით გადაუსწრო. მესამე დღეს სომ სამი ყაიმი მოინაგრა და რაპიდ-ტურნირი 12 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.
ბლიცში მოჭადრაკეებმა ურთიერთში ორ-ორი პარტია გაითამაშეს. პირველ დღეს სერგეი კარიაკინმა იყოჩაღა, 4 პარტია მოიგო, 5 გააყაიმა და ბლიცი-ცხრილში 6,5 ქულით პირველ ადგილზე გაიჭრა, თუმცა ტურნირის ბოლო დღეს ნაკამურამ ისარგებლა რუსის წაფორთხილებით, ბლიცში 12 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაშიც 23 ქულით პირველობა გაინაღდა.
შევნიშნოთ, რომ წლევანდელ ტურნეში არ ჩაბმულა მსოფლიო ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, გრაფიკი გადატვირთული მაქვსო. არადა, კომერციულად მომგებიანი ამბავია, თითოეული ტურნირის საპრიზო ფომდი როგორც აღვნიშნეთ, 150 ათასი დოლარია, სინკფილდის თასზე (სენტ-ლუისში) და ლონდონურ ფინალში კი სულაც 300-300 ათასი დოლარი იქნება გასაყოფი.
დარჩენილ ტურნირთა გრაფიკი შემდეგია: Saint Louis Rapid & Blitz (სენტ-ლუისი, 10-15 აგვისტო), სინკფილდის თასი (სენტ-ლუისი, 17-28 აგვისტო), GTC-ფინალი (ლონდონი, დეკემბერი)
პარიზის ტურნირის შედეგები:
1. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 23 (პრიზი $37500)
2. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 21,5 ($25000)
3. უესლი სო (აშშ) – 21 ქულა ($20000)
4. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 20 ($15000)
5. მაქსიმ ვაშე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 19,5 ($12500)
6. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 17 ($10000)
7. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – 16 ($7500)
8. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 15,5 ($7500)
9. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 13,5 ($7500)
10. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 13 ($7500)