უეფამ შესწორება შეიტანა საკუთარ დებულებაში: ამიერიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებზე ალკოჰოლურ სასმელებზე ხსნილია.
„მატჩის ორგანიზატორს უფლება აქვს, სტადიონზე მისთვის მიკუთვნებულ მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში“, – ამგვარია ახალი ფორმულირება, რომელიც მატჩების ორგანიზატორებსაც და უეფასაც ბევრმილიონიან მოგებას უქადის, თუმცა უცნობია, ტრიბუნაზე რა მხრით შემოტრიალდება ეს ალკოჰოლური დეკრიმინალიზაცია.
საქართველოს კანონმდებლობით კი ჯერჯერობით არათუ ვაჭრობა, სტადიონზე სპირტიანი სასმელის სარეკლამო ბანერის განთავსებაც დასჯადია – 5000 ლარით, თუმცა ამასთან დაკავშირებით კურიოზიც გვახსენდება: ცნობილმა ფირმამ არყის სარეკლამო ბანერის განთავსება მოინდომა საბერძნეთის ნაკრებთან მატჩისას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (როგორც მატჩის ორგანიზატორს ) 50 000 აშშ დოლარსაც უხდიდა.
აკრძალვიდან გამოსავალიც მალე მოიძებნა: მეარყეებმა დათქმული თანხის გარდა საჯარიმო 5 000 ლარიც წინასწარ გადაიხადეს და ყველა კმაყოფილი დარჩა – ბიუჯეტიც, ფედერაციაც და რეკლამის დამკვეთიც.
გული გულობდეს, თორემ…