ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი იქნებოდა.
საუთგეიტმა განაცხადა: „არის ხალხი, რომელიც ანგარიშობს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ბოლო ტურში ფინალისკენ სავალი გზა უფრო მარტივი რომ გვქონდეს, მაგრამ ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ახლა ბელგიასთან მოგებაა”.
ინგლისი და ბელგია ერთმანეთს ხვალ, ხუთშაბათს, 22 საათზე, კალინინგრადში ხვდებიან. სადღეისოდ გუნდებს ყველა მონაცემი ერთნაირი აქვთ და მათ შორის უპირატესი მხოლოდ ყვითელი ბარათების რაოდენობით ირკვევა.
შემდეგ საუთგეიტს ჩემპიონატის ფავორიტებზეც ჰკითხეს. ამ კითხვაზე პასუხისას ინგლისელთა მწვრთნელმა გაიხსენა ესპანეთისა და პორტუგალიის შესანიშნავი მატჩი (3:3), თქვა, რომ საფრანგეთი საუცხოო ფორმაშია და არც გერმანელების და ბრაზილიელების ხსენება დავიწყებია.
„ხორვატიაც ნიჭით სავსე გუნდია”, — დასძინა საუთგეიტმა.