შიდოკანი – საბრძოლო სამჭიდი, რომელიც კარატეს, კიკბოქსინგსა და MMA – ს (ბრძოლა წესების გარეშე) აერთიანებს. სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლაში რიგრიგობით სამივე ამ სახეობაში ერკინებიან ერთმანეთს.
ბუნებრივია, სანახაობრივი სპორტია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულიც.
საქართველოში შიდოკანის ფედერაცია ზუსტად ოცი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტი იოსებ კობერიძე გახლავთ – შავი ქამრის V დანის მფლობელი ორ სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი. შიდოკანის საერთაშორისო ოჯახში მის წონაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინულ უჟგოროდში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვიეს და რამდენიმე უპრინციპულესი შეხვედრის მსაჯობაც ანდეს. საუბარიც უკრაინით დავიწყეთ:
– იოსებ, რამდენად მასშტაბური იყო მსოფლიოს ჩემპიონატი?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ უკრაინაში სპორტის ეს სახეობა ნაკლებად იყო განვითარებული. ფაქტობრივად, ფედერაცია მე დავაფუძნე. მერე წლების განმავლობაში ჩავდიოდი და სემინარებს ვუტარებდი. ამ ჩემპიონატზე უკრაინელებმა რამდენიმე ოქრო და საპრიზო ადგილი რომ აიღეს, ისე გამიხარდა, როგორც ჩემიანების წარმატება. რაც შეეხება ტურნირის მასშტაბებს, საკმარისია აღინიშნოს, რომ ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტიდან იყვნენ წარმომადგენლები.
– ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვინ დატოვა?
– მონღოლები მომეწონენ ძალიან. იგებენ თუ აგებენ, ბოლომდე ომობენ და არ ნებდებიან. ვერ გეტყვით, ფსიქოლოგიური მომზადების ბრალია თუ მეომრული სული გენებში აქვთ. არადა, რინგის გარეთ ისეთი ბუნჩულები და საყვარლები არიან, ჩაყლაპავ.
– საქართველოში როგორ გვაქვს საქმე?
– ფედერაცია ფუნქციონირებს, სკოლაც გვაქვს და ნიჭიერი ბიჭებიც გვყავს. გული ერთზე მწყდება: ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ნარკობარიგების დასაცავად ქუჩაში ათასები გამოდიან, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა კი არააქტუალურია. მსოფლიო მაქვს მოვლილი და არც ღამის კლუბები მიკვირს, მაგრამ იქ ნარკომანები არ მინახავს. ნარკომანის ადგილი არის ქუჩაში ან სადმე ჩაბინძურებულ ბინაში. ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და მინდა ჯანსაღი, წელში გამართული, მხარბეჭიანი თაობები გავზარდოთ და არა ხერხემალში დაღუნული და თვალებდაბინდული გაურკვეველი ტიპები. ჩრდილო კავკასიაში სირცხვილად ითვლება, თუ ახალგაზრდა ბიჭი სპორტით არაა დაკავებული და თეთრი შურით მშურს მათი.
– ერთი პერიოდი გოჩა თანდარაშვილთან ერთად „მაესტროზე“ მიგყავდათ ორთაბრძოლების რეპორტაჟები და საკმაოდ პოპულარულიც იყო…
– სამწუხაროდ, „მაესტროში“ სიტუაცია აირია და რამდენიმე გადაცემა დაიხურა. შემცირებაში ჩვენც მოვყევით. ამჟამად ერთ-ერთ ლიდერ ტელეკომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება და უახლოეს მომავალში ყოველი კვირის ბოლოს პრაიმტაიმში გავა ორთაბრძოლები ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით. მხარდაჭერა და თანადგომა აღგვიქვა თბილისის მერიამაც. დარწმუნებული ვარ, ჩანაფიქრს ბოლომდე მივიყვანთ და ბევრ ახალგაზრდას გავუჩენთ სურვილს, ქუჩის ნაცვლად დრო სპორტდარბაზში გაატაროს.
წილი
წინა სტატიაკეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი
შემდეგი სტატიადიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".