ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს.
F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ მონაწილეობაო, უპასუხა:
„აღარ ვნერვიულობ. თავიდან ვღელავდი, რადგან ვხედავდი, რომ ყველა მათგანზე უკეთ შემეძლო თამაში და გული მწყდებოდა. მართალი გითხრათ ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც დავმშვიდდი. ვიფიქრე, დაე რაც უნდათ ის აკეთონ, რადგან მე ცოტა სხვანაირი წარსულიდან მოვდივარ, ასეთი კაცი კი მათ არ სჭირდებათ, მეთქი. მე ბევრი რაღაც გავიარე და ჩემი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი გავხდი, ასეთი რაღაც კი აღარასოდეს მოხდება”.
იბრაჰიმოვიჩის სიტყვებმა შვედეთში საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში მრავალი კომენტარი გაჩნდა.
„ზლატანმა ბოლოს და ბოლოს უნდა ისწავლოს როდის გაჩერდეს”, — წერდა ერთი.
„ყველაზე კარგი რაც მოხდა ის იყო, რომ ზლატანს ამ გუნდში თამაში უნდოდა, მათ კი უთხრეს f*** off” — დაწერა მეორემ.
„ძალიან მოსაწყენი გახდი, ზლატან”, — თქვა მესამემ.
იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში თამაშს თავი 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის დამთავრების მერე დაანება. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე შვედეთის ნაკრებმა იტალია დატოვა მონდიალის მიღმა, გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონმა კი განაცხადა, ზლატანმა რომც მთხოვოს ნაკრებში აღარ დავაბრუნებო. ერთი ხნის წინ იბრაჰიმოვიჩმა მართლაც დაიწყო რუსეთში გამგზავრებაზე ლაპარაკი, მაგრამ როგორ მერე გაირკვა ეს უფრო მარკეტინგული სვლა იყო.