პირველმა ორმა ტურმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა თითოეული გუნდის მზადყოფნის, მათი პლუსებისა და მინუსების შესახებ. ეგ კი არა, ევროპელმა ექსპერტებმა პროცენტულადაც კი აწონეს ყველა გუნდის შანსები და აღმოჩნდა რომ ფავორიტი ექვსია.
მივყვეთ თანმიმდევრობით.
ბრაზილია – 25%
ბრაზილიელები რუსეთში აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდნენ. მათი რეიტინგი ოდნავ კი შეირყა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო მაინც ლიდერია.
1. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ დონის ფეხბურთი არავის უთამაშია.
2. ყველა მათი პრობლემა ახსნადი და გადაჭრადია. სერიოზული დანაკლისია დანი ალვეში. მარკინიოსის ნაცვლად ტიაგო სილვა თამაშობს. ცენტრში რენატო აუგუსტოს ტვინია საჭირო. ფორმაში ნელა შედის ნეიმარი, მაგრამ: ნეიმარი და აუგუსტო ფლეი-ოფამდე ალბათ აკრეფენ ფორმას, მარკინიოსიც სულ განაცხადშია და როცა ტიტე გადაწყვეტს, ისევ მაღლა აწეული დაცვით ითამაშოს, შარშანდელი ბრაზილიის ხილვის შანსი მოგვეცემა.
3. ტიტეს კარგი შემტევი ფეხბურთისთვის აქებდნენ – ბრაზილიამ შესარჩევის 12 შეხვედრაში სულ 3 გოლი გაუშვა.
4. ტიტე ჭკვიანია და მაშინაც კი, როცა გუნდს თამაში არ მისდის, სწორ კორექტივებს და შეცვლებს აკეთებს.
ესპანეთი – 20%
თამაშის ხარისხი ძველებურად მაღალია. ერთადერთ სუსტ წერტილად მეტოქის კონტრშეტევებთან გამკლავება უნდა მივიჩნიოთ. პოზიციური დაცვისას ესპანეთი წესრიგშია – ალბათ, ერთადერთია ფავორიტთაგან, ვისი დაცვის ორივე ფლანგიც საიმედო ხელშია (კარვახალი და ალბა). სხვა გუნდებს მინიმუმ, ერთ ფლანგზე მაინც უჭირთ.
გერმანია – 15%
მონდიალამდე მიცემულ ინტერვიუში იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ 2012 წლიდან უარი თქვეს ტაქტიკის მეტოქიდან გამომდინარე აწყობაზე და საკუთარ ფეხბურთს თამაშობენ, ხარისხით საუკეთესოდ კი ევროპის გასულ ჩემპიონატზე ნაჩვენებ ფეხბურთს თვლის. გერმანელთა ტაქტიკა ნამდვილად ხისტია, თუმცა თამაშის სტილი უცვლელი დარჩა. გასული ევროპირველობის ფლეი-ოფში ლიოვი ტაქტიკურ მონახაზს ყოველ მატჩში ცვლიდა და თუ ამჯერადაც გამოიჩენს სათანადო მოქნილობას, გუნდი შორს წავა. ერთი მინუსი: მერვედფინალში ბრაზილიასთან დაჯახების დიდი ალბათობაა.
ბელგია – 13%
ოქროს თაობა, რომელსაც ამჯერად ჭკვიანი მწვრთნელი თავკაცობს. ბელგიას ჯერ სუსტი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ მაინც გამოჩნდა რომ მისი კონტრპრესინგი საუკეთესოა მონდიალზე. მინუსი მეტისმეტად შემტევი სქემაა, რასაც მაღალი დონის მეტოქე არ აპატიებს. ან მწვრთნელმა მარტინესმა 3-4-2-1 უფრო პრაგმატული სქემით უნდა შეცვალოს, ანაც საკუთარი შემტევების ზებუნებრივი თამაშის იმედად უნდა დადგეს. აი, ორივეს თანხვედრა კი ბელგიას რეალურ ფავორიტად აქცევდა…
საფრანგეთი – 12%
საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს ტურნირზე, რასაც დიდიე დეშამის პრაგმატულობა ემატება. ორი უსახური გამარჯვება სხვა ფავორიტთა წაფორხილების ფონზე მისაღები შედეგია, თუმცა დეშამმა ვარსკვლავი ფეხბურთელებისგან ვარსკვლავური გუნდი ვერ შექმნა. მისი პრაგმატიზმიდან გამომდინარე, ფრანგები პერუსთან თითქმის მთელი თამაში დაცვაში იდგნენ. დიადი ჩემპიონი საფრანგეთი ასე ვერ გახდება, მაგრამ დეშამისეულ ჯაჯგურში ნებისმიერთან მოგება შეუძლიათ.
ხორვატია – 10%
ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო გუნდია, რომელსაც მოდრიჩის და რაკიტიჩის თამადობით ჯადოსნური ნახევარდაცვა ჰყავს.
ხორვატია ორი წლის წინანდელ ევროზეც კარგი იყო, მაგრამ ახლა ტაქტიკურად გაცილებით დაღვინებულია.
ტოპ-გუნდების ამქრის წევრი ჯერ არაა და მონდიალი მისი კალიბრისებს ჯერ არ მოუგიათ, მაგრამ რუსეთში უკვე იმდენი ყირამალა ანგარიში დაჯდა, ხორვატებისგან არაფერი გამორიცხოთ.
სხვები – 5%
ამ კატეგორიაში ინგლისი, პორტუგალია, არგენტინა და მექსიკა გავაერთიანეთ.
მათი ჩემპიონობა უფრო ფანტაზიის სფეროა, მაგრამ სანამ შანსი თუნდაც 1% არის, უშეღავათოდ იბრძოლებენ.
ჩვენც ამის იმედი გვაქვს.