ტონი კროოსი გერმანიის გმირია. ყველამ ნახა ოქროს დარტყმა შვედებთან 95-ე წუთზე, რამაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენას გადაარჩინა.

ფაქტობრივად, მკვდარი გერმანია გააცოცხლა კროოსმა, რომელსაც პირველი ოფიციალური სანაკრებო მატჩი… ბოლნისში აქვს ჩატარებული.

დიახ, ეს იყო 2006 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ ერთ-ერთ ჯგუფს საქართველომ უმასპინძლა: საქართველო, გერმანია, რუსეთი, მაკედონია…

პირველ ტურში ქართველებმა რუსებთან დასანანად, 1:2 წააგეს. ბოლნისში კი გერმანიამ 7:1 გაანადგურა მაკედონიელები. ერთი გოლი კროოსმა გაიტანა. 16 წლის ბიჭი იმ დროს „ბაიერნის“ აკადემიის ფეხბურთელი იყო.

გადახედეთ შემადგენლობას. კროოსის გარდა, დღეს არავინაა ისეთი ცნობილი, გერმანელთა გარდა, ფართო მასა რომ იცნობდეს. არადა, გამოირჩეოდნენ ფორვარდი ბიგალკე და ფლანგელი კნოლი.

ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“

13. 10. 2006.

გერმანია 7:1 მაკედონია 

გოლები: 1:0 ვოლცე (11), 2:0 კნოლი (13), 3:0 ფუნკი (25), 4:0 ბიგალკე (29), 5:0 კროოსი (45), 5:1 ტეიშეირა (64, სკ), 6:1 დოვიდატი (65), 7:1 ბიგალკე (74)

გერმანია U17: ვოლატი, ტეიშეირა, პაშანი, შტადლერი (ფ.გიოტცე 50), ვოლცე, საურბიერი, ფუნკი (კაპ) (რაუში 60), კროოსი, ბიგალკე, უნტში, კნოლი (დოვიდატი 50)

მწვრთნელი: პაულ შომანი

 

ამ ჯგუფიდან გერმანია და რუსეთი გავიდნენ. კროოსმა მარტო ბოლნისში კი არა, მომდევნო ორი თამაში თბილისში ჩაატარა: საქართველოსთან (1:0) და რუსეთთან (3:2). სხვათა შორის, რუსებს ერთი გოლი გაუტანა კიდეც.

ჩვენც მშვენიერი ნაკრები გვყავდა და საშინლად არ გაგვიმართლა. გერმანიასთან პენალტი ვერ გავიტანეთ, რუსებთან კი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, წავაგეთ. გვყავდა ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე…  ეს ბიჭები ერთ წელიწადში ეროვნულ ნაკრებში დააწინაურა კლაუს ტოპმიოლერმა.

***

„სარბიელის“ არქივმა კი გერმანია-მაკედონიის 2006 წელს ჩატარებული ხსენებული მატჩის რეცენზიაც ამოგვიგდო…

მომავლის დოიჩლანდი

კობა ინასარიძე ბოლნისიდან

აი, გერმანია და გერმანიის მომავალი… ეს ჭაბუკი გერმანელები თურმე უკვე ექვსი წელია ერთად მოდიან და აგერ, გუშინ როგორი შედეგიც აჩვენეს.

გერმანელებმა „თამაზ სტეფანიაზე“ შვიდი გოლი ხომ გაიტანეს, ორი ამდენი ნაღდი საგოლე მომენტიც წყალს გაატანეს და მაკედონიელთა ის ერთადერთი ბურთიც თავიანთ კარში შეაგდეს – მაკედონიელი ფორვარდის დარტყმული ტეიშეირას მოხვდა და მეკარე უძლური აღმოჩნდა. ამ დროისთვის გერმანელებს ხუთი გოლი მეტოქისთვის გატანილი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ისე გაბრაზდნენ და ერთმანეთს ისეთი შეუფუცხუნეს, წუთშივე მაკედონიელებს მეექვსედაც გამოატანინეს ბურთი კარიდან.

საქმე კი პაულ შომანის გუნდმა მალევე მოაგვარა. მე-11 წუთზე ჯერ ვოლცმა დააწინაურა თავისიანები, ხოლო ორ წუთში კნოლმა გაზარდა სხვაობა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გერმანელებმა მეტოქეს შესვენებამდე კარისკენ არც დაარტყმევინეს – მცველები ისე გონივრულად აზღვევდნენ ერთმანეთს, თავდამსხმელებს უსაქმოდ ტოვებდნენ.

ორბურთიანი ფორის შემდეგ გერმანელებმა 10-15 წუთი ამოისუნთქეს, მერე კი ზედიზედ კიდევ ორჯერ იხეირეს, თანაც ერთმანეთზე ლამაზად და ჩანდა, წინასწარ ბევრჯერ დამუშავებული კომბინაციებით გაიტანეს. თანაც ბურთი ცენტრიდან მეტოქის კარამდე თითო შეხებით მიიტანეს და უპრობლემოდ გაუსწორდნენ მეკარე ივანოვს.

გერმანელთაგან აშკარად გამოირჩეოდნენ ძვალწვრილი და ტანმორჩილი ფორვარდი ტონი კროოსი, ვისიც გერმანელებს, ალბათ, ძალიან ეიმედებათ და კაპიტანი პატრიკ ფუნკი, მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი და გონიერი ნახევარმცველი.

შესვენებამდე გერმანელებმა ოთხბურთიანი სხვაობა კი იკმარეს, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, კროოსმა ისეთი საჯარიმო შეასრულა, თქვენი მოწონებული. მოგვიანებით ერთი გოლიც შეცვლაზე შესულმა დოვიდატმა გაიტანა, წერტილი კი შეხვედრას, ისევ საჯარიმოდან ულამაზესი გოლით, ბიგალკემ დაუსვა.

საინტერესო დეტალი: გერმანელთაგან ყველა გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, რაც მათ გუნდურ თამაშსა და ფეხბურთელთა თანაბარძალოვან შესაძლებლობებზე მეტყველებს.

მატჩს ბოლნისში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერიც ესწრებოდა და შეხვედრის შემდეგ სწორედ მან თქვა, ეს ბიჭები თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობებით გერმანიაში ისედაც გამოირჩეოდნენ, ახლა კი ტაქტიკური ცოდნაც მიუღიათ და მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებიანო.

მოკლედ, დავიმახსოვროთ ამ 16 წლის ბიჭების სახელები, ხუთი-ექვსი წლის შემდეგ კი არ გაგიკვირდეთ, მათ მსოფლიოც აალაპარაკონ.

წილი
წინა სტატიამეორე და სამართალი
შემდეგი სტატიაზლატან, f*** off-ო
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.