„მანჩესტერ იუნაიტედის” წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა, ირლანდიელმა როი კინმა და ინგლისელმა გარი ნევილმა ბრიტანეთის ტელეეთერში გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი აბუჩად აიგდეს. ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა და შვედეთის მატჩის გარჩევისას მოხდა. შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსის მიერ ბოლოწამს გატანილი გოლით გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

„ბოატენგი სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელივით დარბოდა. მოაშორონ იქიდან, მისი თამაში სამარცხვინოა. შეხვედრის ბოლოს გერმანია მის გარეშე უკეთესი იყო”, — თქვა კინმა ITV-სთან ინტერვიუში.

ნევილმა კი მარტო ბოატენგის კრიტიკა არ იკმარა და ზედ ანტონიო რუდიგერიც დაამატა: „ორივე ცენტრალური მცველის თამაში ხუმრობას ჰგავდა. სრული მასხარაობა იყო. ბოატენგი რატომღაც ფიქრობს, რომ ფრანც ბეკენბაუერია. მას თავი შეუცვლელი ჰგონია. გვარდიოლას ხელმძღვანელობით ითამაშა და თავი ფანტასტიკურ ფეხბურთელად წარმოიდგინა”.

ამ დროს კი ინგლისიდან გამოსულ ხმათა თანახმად ჯერომ ბოატენგის შეძენით სწორედ მათი ყოფილი კლუბი, „მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.