გერმანიისა და შვედეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შვედების მწვრთნელს იან ანდერსონს გერმანელთა მენეჯერთან ოლივერ ბირჰოფთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, გაწევ-გამოწევაში მარტო ორი კაცი არ მონაწილეობდა. იქ შვედებიც ბლომად იყვნენ და გერმანელებიც. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ შვედების ხელმძღვანელებმა მეტოქეებს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი — ტონი კროოსის გამარჯვების გოლის მერე ჩვენსკენ გამორბოდნენ და ათასგვარ ჟესტებს გვაჩვენებდნენო. შვედების ერთ-ერთმა მწვრთნელმა გერმანელ კოლეგას ხელიც ჰკრა, მეტოქისკენ იწეოდნენ ფეხბურთელებიც.
მატჩი მეტისმეტად დრამატული გამოდგა. კროოსის მიერ მსაჯის დამატებული დროის მე-5 წუთზე გატანილმა გოლმა მსოფლიოს ჩემპიონს მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა. მანამდე, 82-ე წუთზე, პოლონელმა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა გერმანელ მცველს ჯერომ ბოატენგს მეორე ყვითელი ბარათი ამოუღო და მოედნიდან გააძევა, პირველ ტაიმში კი გერმანელთა კაში პენალტი არ დანიშნა, რამაც ეტყობა შვედები ძალიან გააღიზიანა.
ანდერსონმა თქვა: „მატჩის შემდეგ რამდენიმე გერმანელი ჩვენთან მოვარდა და უღირსად მოიქცა. ისინი დაგვცინოდნენ და ჟესტიკულირებდნენ. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება და სწორედ ამან გამომიყვანა წყობიდან. „სად არის პატივისცემა?“ — ვუყვიროდი მე”.
რაც შეეხება ბირჰოფს, გერმანიის ნაკრებში მისი ფუნქცია უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობა, გუნდის გარემოზე ზრუნვა და ზოგადი მენეჯმენტია, ვიდრე ტაქტიკასთან და ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხები.
გერმანელთა მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი: „ვინ ჟესტიკულირებდა? მე რამე ჟესტი გავაკეთე? მსგავსი არაფერი დამინახავს. ჩვენ სულ სხვა რაღაცებით ვიყავით დაკავებული. ჩვენ ერთმანეთს ვეხვეოდით და ვულოცავდით გამარჯვებას. აღფრთოვანებულები ვიყავით. არანაირი აგრესიული ჟესტისთვის არ მომიკრავს თვალი”.
დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ პენალტის ეპიზოდს, როდესაც ბოატენგმა სისწრაფეაკრეფილი მარკუს ბერგი საჯარიმოში ძიძგილაობით დასცა. მსოფლიო მას-მედიის დიდი ნაწილის აზრით ამ ეპიზოდში პენალტი ულაპარაკოდ უნდა დანიშნულიყო. შვედების გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ შიმონ მარჩინიაკმა ეპიზოდის ვიდეორეფერიზე გადამოწმება არც კი ისურვა. ვინ იცის, ვიდეომსაჯების ოთახიდან ყურში ეუბნებოდნენ კიდეც, პენალტი არ იყო და თამაში გააგრძელეო.
ანდერსონი მატჩის შემდეგ ბრაზს ვერ იკავებდა: მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ ჩემი გუნდის წევრები მარწმუნებდნენ, რომ წმინდა წყლის პენალტი იყო. საწყენია, როდესაც არსებობს ვიდეორეფერის სისტემა, მსაჯი კი იმდენად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მას ასეთ ეპიზოდში არც კი იყენებს.”