კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა.

პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა.

„მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით. ვფიქრობ, ის უნდა გამოფხიზლდეს, რადგან როდესაც მის გუნდს საქმე ცუდად მსიდის ის ყოველთვის თავს ხრის და ურეაქციოდაა.

გაიხსენეთ, როდესაც „ბარსელონა” კარგად თამაშობს ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. ჩვენ ეს ჩემპიონთა ლიგაში ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ როდესაც საქმე ცუდად მიდის ის ქრება, მოედანზე აღარ ჩანს. აღარ დარბის. სიარულზე გადადის. მას ბურთი აღარ უხმობს.

მთელი გუნდი სუსტი იყო. სადღაც დაიკარგა საკუთარი თავის რწმენა, ერთმანეთის ნდობა. იმდღევანდელს რომ ვიხსენებ, მეეჭვება ამის მერე ისინი ჯგუფიდან გავიდნენ”, — თქვა პეტიმ.

თუმცა, არგენტინა პლაი-ოფის ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. ბოლო ტურში ის ნიგერიას ხვდება. „ალბისელესტემ” აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ოღონდ თუ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისლანდია ხორვატიას მოუგებს, მაშინ არგენტინისა და ისლანდიის გატანილ და გაშვებულ გოლებს შეადარებენ.

D ჯგუფის თამაშები სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე გაიმართება. ნიგერია და არგენტინა პეტერბურგში ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ხორვატია და ისლანდია როსტოვში.