მოიგო ბრაზილიამ. არცთუ უპრობლემოდ, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან.
დასჯაზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ განსჯა აუცილებელიცაა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვლიდა ბევრი ექსპერტი, რომ რუსულ სტადიონებზე ზოგადი საფეხბურთო ამინდი სუპერვარსკვლავებს უნდა შეექმნათ. ჯერჯერობით არ არის ასე. რონალდუ რომ რონალდუა და მეორე ტურში გამარჯვებისა გაიტანა, იმდენი წუნი ჰქონდა, სამ სხვა თამაშს ეყოფოდა…
მესის თემაც გავლილი გვაქვს…
დღეს მეორე თამაში ვნახეთ ნეიმარის შესრულებით. მოიგო, გაიტანა, ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ლიდერად ისევ ვერ მოგვევლინა. ეს საფეხბურთოზე მეტად ფსიქოლოგიური კრიტერიუმია. უკეთ რომ აგიხსნათ სათქმელი, ბულგარელთა ნაკრებში ხრისტო სტოიჩკოვის და ჩეხების გუნდში პაველ ნედვედის როლი და ფუნქცია გაიხსენეთ. პელე-მარადონა-ბეკენბაუერ-კრუიფს და რონალდუსა კი შევეშვათ.
ნეიმარს ჭეშმარიტ ლიდერად ჩამოყალიბებაში ხელს მისი ფობიები უშლის. ყველაზე მეტად ტრავმის მიღების ეშინია. შვეიცარიელებთან მატჩში რამდენჯერმე მოხვდა კოჭებში და მომდევნო ვარჯიში ხომ გამოტოვა, კიდევ მომდევნო დაწყებიდან ხუთ წუთში დატოვა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ორთაბრძოლებს ერიდება და ეს მეტოქეებსაც კარგად მოეხსენებათ – ხისტი თამაში მის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღია.
ნეიმარის კიდევ ერთი შიში მაისის ბოლოს გაცხადდა. მოგეხსენებათ, მისი გადასვლა „რეალში“ ფაქტობრივად შეთანხმებული იყო. ნეიმარი ფლორენტინო პერესს ხელფასად 37 მილიონ ევროზე გაურიგდა – 11 მილიონით ნაკლებზე, ვიდრე პსჟ-ში იღებს. სამაგიეროდ „რეალში“ თამაშით „ოქროს ბურთის“ მოგება გაცილებით რეალურია.
მაშ, რაღამ შეაშინა ნეიმარი? რამ და მადრიდელთა მიერ ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებამ. ამხელა წარმატებების შემდეგ იმავე ლიგის ფინალში მარცხიც კი წარუმატებლობად ჩაითვლება და განტევების ვაცად მე გამომიყვანენო. სწორედ მაისის ბოლოს მოსთხოვა ნეიმარმა “ნაიკს”, შეეჩერებინათ “რეალში” მის გადასვლასთან დაკავშირებული სპორტული ამუნიციის ხაზზე მუშაობა.
ფრთხილი კაცია ნეიმარი. ზედმეტად ფრთხილიც კი. ამბობენ ფრთხილებს დიდი წარმატებაც უფრთხისო… ვნახოთ. ეგებ, ნეიმარმა თავისი საქმე აკეთოს და ლიდერის ტვირთი ვინმე სხვამ აიღოს საკუთარ თავზე.

 

წილი
წინა სტატიაკოვაჩიჩს მადრიდიდან წასვლა უნდა
შემდეგი სტატიაგერმანია გავა მერვედფინალში თუ…
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".