მატეო კოვაჩიჩი „რეალში” 2015 წელს გადავიდა და სწორედ იმ პერიოდში მოუხდა თამაში, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდნენ. ამის მიუხედავად ხორვატი ამბობს, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა, რადგან სურს უფრო ხშირად იყოს მოედანზე.

24 წლის ნახევარმცველი ამჟამად ნაკრებთან ერთად რუსეთშია, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და თან სამომავლო ვარიანტებზე ფიქრობს.

„მინდა „რეალის” შემადგენლობაში ხშირად ვხვდებოდე. მიყვარს ფეხბურთი და მსურს მოედანზე მეტი დრო გავატარო. მესმის, რომ მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბევება ძნელია, მითუფრო, რომ მე ამ გუნდში გვარიანად ახალგაზრდა მივედი. მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კარგად მესმის, მირჩევნია ახალი გუნდი მოვძებნო, სადაც რეგულარულად მათამაშებენ. ვფიქრობ, ახლა ამის შანსი მაქვს და არ მინდა ის ხელიდან გავუშვა”.

ისიც აღსანიშნავია, რომ „რეალს” კოვაჩიჩი სჭირდება. ის ჩინებული სათადარიგოა და კლუბი შეეცდება იოლად არ შეელიოს, მაგრამ ხორვატი ამბობს, რომ გუნდისთვის „ზურგის გამაგრებას” ძირითადში თამაში უჯობს.

„მადრიდში ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. პრობლემა კი ის არის, რომ როდესაც ახალგაზრდა ხარ ძირითადში მუდმივ ადგილს ვერ იმკვიდრებ. არადა, მუდმივად თუ არ ვითამაშე, შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გამოვამჟღავნებ. აქ გატარებული სამი წელიწადი შესანიშნავი იყო. დიდებული ფეხბურთელების მხარდამხარ ვთამაშობდი, ტიტულებს ვიგებდი, რაც მთავარია ამ ყველაფერში ჩემი წვლილი შემქონდა, მაგრამ ვფიქრობ ცვლილებების დროა”.

ზინედიან ზიდანის წასვლის შემდეგ „რეალს” ახალი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი ჩაუდგა სათავეში. მის შესახებ კოვაჩიჩი ასე ამბობს:

„ახალ მწვრთნელს არ ვიცნობ, მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი მომავლის შესახებ ლაპარაკი მოგვიწევს. იმან, რომ „რეალში” რეგულარულად ვერ ვთამაშობდი ჩემს სანაკრებო ცხოვრებაზეც იმოქმედა. ამით ცხადია უკმაყოფილო ვარ”.

და ბოლოს ხორვატიის ნაკრების შანსებზე: „დღეს მართლა ძლიერი გუნდი გვყავს. არგენტინასთან დაუვიწყარი მატჩი ვითამაშეთ. ახლა უკვე პლეი-ოფის ეტაპზე ვფიქრობთ. რასაკვირველია წინ დიდი ბრძოლები გველის, რადგან შეჯიბრებაში უძლიერესი გუნდები მონაწილეობენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები უკვე გამოვამჟღავნეთ და გაჩერებას არ ვაპირებთ”.

წილი
წინა სტატიაორმოში ჩარჩენილები
შემდეგი სტატიანეიმარის შიშები
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...