იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს” მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ როგორ გავაანალიზო. გეგმამ, რომელიც ამ თამაშისთვის შევარჩიე არ გაამართლა. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსს უნდა ჩავებღაუჭოთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

განა მრცხვენია, გული მტკივა, რომ არგენტინელ ხალხს იმედი ვერ გავუმართლეთ. პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემზე ვიღებ. კაბალიეროს ვერაფერში დავდებ ბრალს”.

მოგეხსენებათ, „ალბისელესტეს” მეკარემ ვილი კაბალიერომ მეორე ტაიმის დასაწყისში, 53-ე წუთზე, უხეში შეცდომა დაუშვა რითაც ხორვატებმა ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს. მწვრთნელი აღიარებს, რომ ეს გოლი საბედისწერო გამოდგა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ დამარცხების კიდევ უფრო დიდი მიზეზი მის მიერ შერჩეული ტაქტიკა იყო.

„პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა. არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელებზე რას ამბობენ. მეგონა, შეხვედრის ბედს ნახევარდაცვაზე ზეწოლით მოვიგებდით, რადგან ხორვატებს ამ რგოლში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ. სამწუხაროდ, პირველი გოლის უიღბლობამ გული გვატკინა და ემოციური თვალსაზრისით თამაში ვეღარ შეიცვალა. მისი შემოტრიალების რესურსი არ აღმოგვაჩნდა”.

კიდევ ერთი ფიგურა, ვის მიმართაც პრეს-კონფერენციაზე შეკრებილი ჟურნალისტები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი არგენტინის ნაკრების ლიდერი ლეო მესი გახლდათ. ხორხე სამპაოლიმ სცადა განემარტა თუ რატომ ითამაშა მესიმ ასე უსახურად.

„გეგმამ არ გაამართლა, ხოლო როდესაც გეგმა არ ამართლებს ძნელია ფეხბურთელმა ის რამენაირად  აამუშაოს”, — თქვა სამპაოლიმ.