პაბლო საბალეტა ამბობს, რომ ხორვატიასთან 0:3 წაგების შემდეგ არგენტინელი ფანები ფეხბურთელებზე გაბრაზებულები არიან.
მსოფლიო გამოცემები და პორტალები მოიარა განრისხებული არგენტინელების ფოტოებმა, რომლებიც ტრიბუნიდან ცდილობდნენ თავიანთი ნაკრების მოთამაშეებისთვის მიეფურთხებინათ. ისინი ყვიროდნენ: „სამპაოლი შე ჩამშვებო, ძაღლიშვილო, ბოზის გაჩენილო”.
„ალბისელესტეს” ყოფილმა წევრმა საბალეტამ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში BBC-ზე ექსპერტად მუშაობს, თქვა: „ძნელი სათქმელია კერძოდ რისი ბრალი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მოედანზე საცოდავად გამოიყურებოდნენ. ვერაფერს ქმნიდნენ, მათი ყოველი ნაბიჯი ადვილი მისახვედრი იყო, უამრავ შეცდომას უშვებდნენ, ბოლოს კი ისე აირივნენ, რომ მეტოქეებს უაზროდ ურტყამდნენ.
რაც მოხდა არგენტინელი ხალხისთვის ძალიან ძნელი გადასატანია. ვერც კი ვიხსენებ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე ცუდად გვეთამაშოს. არ შეიძლება ეს შედეგი მხოლოდ კაბალეროს შეცდომას დავაბრალოთ — მთელი გუნდი არ ვარგოდა. გაუგონარი რამ მოხდა: მეორე ტაიმში მესის კარისკენ არც კი დაურტყამს.
შემდეგ სამპაოლიმ აგუერო გაიყვანა. რატომ არ შეუძლია ამ კაცს, რომ აგუერო და იგუაინი ერთად ათამაშოს? მე რომ ხორვატი მცველი ვყოფილიყავი ამ ორის ერთად გამოჩენა უფრო შემაშინებდა.
კაბალიეროს თანავუგრძნობ. ჩვენ სამი წელიწადი ერთად ვთამაშობდით „მანჩესტერ სიტიში”. რომეროს დაშავების შემდეგ მას თავის გამოჩენის დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ასეთი შეცდომა კლუბში კიდევ შეიძლება დაუშვა, რადგან სამ დღეში მომდევნო თამაში გექნება, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი წარმოუდგენელია. ერთხელ შეცდები და სახლში ბრუნდები.
არგენტინაში ხალხი განრისხებულია. ისინი ამ თაობას დიდხანს შეჰყურებდნენ იმედის თვალით. ეს თაობის ბოლო შანსი იყო. ზოგიერთმა მათგანმა უკვე ზედიზედ მესამე მუნდიალზე ვერ ივარგა. ამ გუნდს კრიტიკა ჯერ კიდევ წინ ელის”.