ესპანეთთან და მაროკოსთან მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ოთხი გოლი დაუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

მომდევნო შეხვედრას პორტუგალია ირანთან გამართავს. თუ ოდნავ იქითაც გავიხედავთ, მერვედფინალში რუსეთი ან ურუგვაი იქნება მეტოქე და კრიშტიანუს რეალური შანსი აქვს, საგოლე მარაგი შეივსოს.

ეს რად დაგვჭირდა: აგერ უკვე 44 წელია, მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის 6 გოლიც საკმარისი იყო ერთადერთი გამონაკლისის გარდა – 2002 წელს „კიჭა“ რონალდომ 8 გოლი გაიტანა. ჰოდა, ისეთი პირი უჩანს, კრიშტიანუ ბრაზილიელ სეხნიასთან გატოლებას შეეცდება.

აქვე შეგახსენებთ „ექვსგოლიანთა ეპოქის“ ყველა ბომბარდირს:

1978 წ.მარიო კემპესი – 6 გოლი. 1982 – პაოლო როსი – 6. 1986 – გარი ლინეკერი – 6. 1990 – სალვატორე სკილაჩი – 6. 1994- ხრისტო სტოიჩკოვი, იგორ სალენკო – 6. 1998 – დავორ შუკერი -6. 2002- რონალდო – 8. 2006- მიროსლავ კლოზე – 5. 2010- ტომას მიულერი, დავიდ ვილია, უესლი სნეიდერი, დიეგო ფორლანი – 5. 2014- ხამეს როდრიგესი – 6.

საინტერესოა, რომ კრიშტიანუმ სანაკრებო მატჩებში გატანილი 85 გოლით უკვე მოიტოვა დიდი უნგრელი ფერენც პუშკაში და ისტორიაში საუკეთესო ევროპელი გახდა. ნაკრებში ყველაზე მეტი – 109 გოლი – კი ირანელ ალი დაეის აქვს გატანილი.