სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ქართული წერისთვის მზადებაზე დიდი დრო არ დამიკარგავს. ვიცოდი, რომ მაინც თავისუფალ თემას დავწერდი და გარანტირებულ ოთხიანს ველოდი…

ასე მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებიც თავისუფალი თემის იმედად ჩავიდნენ ოთხწლეულის უმთავრეს საფეხბურთო გამოცდაზე. რა ადვილია მწვრთნელობა, როცა გუნდში ნეიმარები, მესები და რონალდუები გყავს. რაღა საჭიროა ველოსიპედის ახლიდან გამოგონება? შენ შემადგენლობა დაასახელე და დანარჩენს თავად მოახერხებენ.

შეიძლება, თემის უტრირებას ვახდენ, მაგრამ ვერც ერთი ფავორიტად შერაცხული გუნდის თამაშში ახალი იდეა და სამწვრთნელო ჩანაფიქრი ვერ დავინახე. არადა, მხოლოდ ესპანეთი და პორტუგალია თუ იტყვიან, ტოლსწორი მეტოქე გვყავდაო. დანარჩენებს ასე ჭრაჭუნით დაწყება და უსახური ფეხბურთი არ ეკადრებათ.

ყველა დანარჩენ ტოპ-გუნდზე უკვე ნათქვამი გვქონდა და გუშინ საქმეში ინგლისიც ჩაერთო. ზღაპრულ დასაწყისსა და ფანტასტიურ ფინალურ წუთს შორის იყო ჩვეულებრივი ინგლისი – გუნდი, რომელსაც ყველასთან მოგება და ნებისმიერთან წაგება შეუძლია. ფიზიკაც კარგია, ფუნქციონალურადაც არა უშავთ, მაგრამ აზროვნების სწორხაზოვნება და ზემოთ ნახსენები იდეების დეფიციტი მაინც სკეპტიკურად განგვაწყობს.

დღეს მეორე წრეზე დატრიალდება ბედის ბორბალი და სატურნირო ცხრილების გარდა, ჩვენც უფრო ნათლად ჩამოვყალიბდებით, ვინ რისი შემძლეა.

წილი
წინა სტატიაეფენბერგის კრიტიკა
შემდეგი სტატიაამბავი ახმახი კოვტალიუკისა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".