19 ივნისს ევროტურნირების წილისყრაა. ოთხ ქართულ გუნდს ელის წლეულს გამოცდა.

ჯერ ჩემპიონთა ლიგის ამბებს მივხედოთ.

ქუთაისის “ტორპედო“, ცხადია, განუთესავია და 16 სავარაუდო მეტოქე ჰყავდა, მაგრამ უეფამ წილისყრის გასამარტივებლად კიდევ დაჰყო მეტოქეები და “ტორპედოს“ ამ ხუთიდან ერთი შეხვდება: „აპოელი“ (კვიპროსი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), “ვიდეოტონი“ (უნგრეთი), „ნიუ საინტსი“ (უელსი).

შედარებით კარგი ვარიანტი “ნიუ საინტსია“, თუმცა გულზე ხელი დავიდოთ, ქუთაისელები ვერც მათთან იქნებიან ფავორიტები. დანარჩენ ოთხთან კი ღრმა აუტსაიდერობა გამოწერილია. ბრძოლა ყველასთან საჭიროა და განწირული არ გვგონია თავი, ოღონდ რეალობასაც ვუყურებთ.

კიდევ გაგვიმართლა. აგვცდა უფრო ძლიერი მეტოქეები: მაგალითად, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა“, გლაზგოს “სელტიკი“ და ბულგარეთის “ლუდოგორეცი“…

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 10-11 და 17-18 ივლისს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე საქართველოდან თბილისის “დინამო“, საჩხერის “ჩიხურა“ და “სამტრედია“ ითამაშებენ. დინამოელები განთესილები იქნებიან, ხოლო სამტრედიელები და საჩხერელები – განუთესავები.

ჩემპიონთა ლიგისა არ იყოს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზეც ხუთ-ხუთ განთესილ-განუთესავებად დაჰყვეს გუნდები.

“დინამოს“ სავარაუდო შემხვედრები: “პროგრეს ნიდერკორნი“ (ლუქსემბურგი), „შიროკი ბრიგი“ (ბოსნია), “შკუპი“ (მაკედონია), “შტუმბრასი“ (ლიტვა), “დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი).

“სამტრედიას“ სავარაუდო შემხვედრები: “მარიბორი“ (სლოვენია), “ტრენჩინი“ (სლოვაკეთი), “ვიტორული“ (რუმინეთი), “ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი), “ტობოლი“ (ყაზახეთი).

“ჩიხურას“ სავარაუდო შემხვედრები: “ლეხი“ (პოლონეთი), “ბეიტარ იერუსალიმი“ (ისრაელი), “რადნიჩკი“ (სერბეთი), “ლევსკი“ (ბულგარეთი), “ჟელეზნიჩარი“ (ბოსნია).

თითქოს “დინამოს“ შედარებით იოლი ვარიანტები აქვს, მაგრამ კაცმა არ იცის, რა როგორ იქნება. ფაქტი ერთია, რომ ყველა ქართულ გუნდს სუსტი შემადგენლობა ჰყავს და გაძლიერების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ… თუმც აწი გინდ გაძლიერებულან გინდ – არა. ვისურვებდით, ჩვენი კლუბები უფრო მომზადებულები გადიოდნენ ევროპაში, ტემპში აჰყვნენ მათ და რაც მთავარია,  არ შერცხვნენ.

წილი
წინა სტატიაგერმანია და ფინალი
შემდეგი სტატიაეფენბერგის კრიტიკა
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.