მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ტურნირია, სადაც ოფიციალურად იყენებენ ვიდეო ასისტენტ არბიტრის (VAR – Video assistant referees) მექანიზმს. ამ პრობლემის შესახებ უკვე კარგა ხანია კამათობდნენ. ბევრს მოსწონდა, ბევრს არა, მაგრამ რაღაც რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე ყველა თანხმდებოდა.
ბოლო დროს ფეხბუთში იმდენად გაიზარდა სისწრაფეები, რომ მსაჯები ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებოდნენ რიტმს. ამისდაკვალად, შეცდომებიც მომრავლდა.
ჯერჯერობით მუნდიალის პირველი ტური მიილია და ვიდეო არბიტრის გამო აუგი არავის უთქვამს. პირიქით, 14 შეხვედრაში 8 პენალტი დაინიშნა. რაც, სხვა შემთხვევაში, ალბათ, გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
ადრე მატჩის ოქმში არბიტრს და თანამსაჯებს ვწერდით ხოლმე, ახლა მათ ვიდეო არბიტრთა ჩამონათვალიც დაემატა. მაგალითად, წუხანდელ ინგლის – ტუნისის შეხვედრას კოლუმბიელები სჯიდნენ, არბიტრი ვილმარ როლდანი და ასისტენტები: ალეკდსანდერ გუსმანი, კრისტიან დე ლა კრუსი. ვიდეო ასისტენტი რეფერი კი ბრაზილიელი სანდრო რიჩი გახლდათ. ასისტენტები ბრაზილიელი ემერსონ დე კარვალიუ, ბოლივიელი გერი ვარგასი და პორტუგალიელი ტიაგო ბრუნო ლოპეშ მარტინში.
და როგორ მუშაობს ვარ-ი?
ტრანსლაციების საერთაშორისო ცენტრში (ამჟამად მოსკოვში) გამოყოფილია საგანგებოდ მოწყობილი ოთახი, სადაც მონიტორებთან სხედან თავად ვიდეო არბიტრი (ვარ), მისი სამი ასისტენტი (ავარ1, ავარ2, ავარ3) და ოთხი ოპერატორი, რომლებიც სადაო ეპიზოდების სწაფად მიწოდების მექანიზმს უზრუნველყოფენ.
გამოიყენება სტადიონზე არსებული ყველა, პლუს თამაშგარეებისთვის სპეციალურად დამონტაჟებული კამერები.
ყველა ინფორმაცია და ვიდეომასალა მოსკოვიდან გადაიცემა სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობს.
ვარ-ი მსაჯებს ოთხი მთავარი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. ესენია:
კარის აღების (გოლის) შემთხვევაში.
თერთმეტმეტრიანის დანიშვნისას
წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში
წესის დამრღვევის არასწორად დაფიქსირებისას
ვარ-ის გუნდი დაკვირვებით უცქერს თამაშს და მსაჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში უკავშირდება, თუ მისი შეცდომა აშკარაა.
როგორც კი არბიტრი ვარ-ის შეტყობინებას მიიღებს, ის საგანგებო ჟესტებით აცნობებს ამის შესახებ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. შემდეგ გადაწყვეტილებას ვარ-ის გზავნილის მიხედვით იღებს, ან მოედნის კიდესთან დამონტაჟებულ საგანგებო მონიტორთან მიდის სიტუაციაში უკეთ გასარკვევად.
ფიფას საგანგებო წარმომადგენელს წვდომა აქვს ყველანაირ ინფორმაციაზე და მთავარი პასუხისმგებელიც, ცხადია, ის არის.
საკამათო ეპიზოდის განხილვისას ტელეეკრანი სამ ნაწილად იყოფა. მთავარში თქვენ მინდორზე მიმდინარე მოვლენებს და გამეორებებს ხედავთ. მარჯვნივ ზემოთ ჩარჩოში მსაჯის მოქმედებას. ქვემოთ კი თუ როგორ მუშაობს ვარ-ის გუნდი. შესაბამისი ინფორმაცია იწერება სტადიონის ტაბლოზეც.