გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი შტეფან ეფენბერგი შიშობს, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შაბათს შვედებთანაც გაუჭირდება. თავის ბლოგში მან დაწერა:

მარკო როისი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა

„შვედებს სამხრეთ კორეასთან გამარჯვების შემდეგ ძალიან კომფორტული პოზიცია უკავიათ. ისინი გერმანიის ნაკრებთან საკუთარ თავში დარწმუნებულები ითამაშებენ, ჩვენ კი კედელთან ვართ მიყენებულები”.

ეფენბერგმა ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გააკრიტიკა. მისი აზრით მარკო როისი მექსიკასთან სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო.

„ვერ მივხვდი რატომ არ ითამაშა მარკო როისმა მექსიკასთან ძირითად შემადგენლობაში. მატჩის შემდეგ როისმა თქვა, რომ ის რუსეთში მხოლოდ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის წაიყვანეს. თუ ეს მართალია, მაშინ ლიოვი ვერ მიმხვდარა, რომ მექსიკასთან სწორედ ასეთი თამაში იყო. მექსიკელებს ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ”, — თქვა ეფენბერგმა, რომელიც მწვრთნელის ადგილზე რომ ყოფილიყო როისს ათამაშებდა, მესუთ იოზილს კი სათადარიგოთა სკამზე დასვამდა. კიდევ, ეფენბერგის აზრით გერმანიის ნაკრებს შუა ნახევარდაცვა ჰყავს სუსტი.

„გუნდს ცენტრიდან სახიფათო პასები სჭირდებოდა, — თქვა მან, — თუ შვედები ტონი კროოსს ისევე გააჩერებენ, როგორც ეს მექსიკელებმა შეძლეს, მაშინ ჯობს მის მხარდამხარ ილქაი გუინდოგანმა ითამაშოს”.

და ბოლოს „ეფე” მატს ჰუმელსსაც გადაწვდა. მისი აზრით ჰუმელსს, როგორც ლიდერს, მატჩის მსვლელობისას თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან მეტი, თანაც კატეგორიული ლაპარაკი მართებდა.