ბადრი კეთილაძის ფოტო

დავიწყოთ იმით, რომ ეს ტური ჯერჯერობით ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა წლევანდელ სეზონში. სულ 6 გოლი გავიდა და აქედან 3 „დილა“ – „სამტრედიას“ მატჩში.

ყველაზე „ბარაქიანად“ კი ისევ პირველი ტური რჩება, როცა მეტოქეებმა ერთმანეთს 22-ჯერ გაუტანეს.

„დილა“ ვახსენეთ და გორელებს 18 მარტის შემდეგ აღარ წაუგიათ. გიორგი დარასელიას შეგირდები მაშინ „საბურთალოსთან“ დამარცხდნენ და მას მერე 12 ტურია ვერავინ სჯობს. მათი უკრაინელი ლეგიონერი, 23 წლის მიკოლა კოვტალიუკი კი ზედიზედ მეხუთე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

საქართველოში ის შარშან თებერვალში გამოჩნდა, უკრაინული კოვალივკის „კოლოსიდან“ ჯერ ფოთის „კოლხეთში“ მოხვდა იჯარით, მაგრამ მალევე უკან მიბრუნდა. ზაფხულში კი თბილისის „დინამოში“ აღმოჩნდა, საიდანაც წლეულს იანვარში „დილაში“ გადავიდა. მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრია, სატრანსფერო ფასი კი 200 ათასი ევრო.

„სამტრედიის“ ღრმა კრიზისზე კი წინა მიმოხილვებშიც ვწერდით და ამჯერად ბევრს აღარ გავაგრძელებთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვიღაც ძალით ანგრევს გუნდს. არადა, ევროთასებიც კარს მოგვადგა და ვინძლო იმერლებმა ქართული საკლუბო ევროისტორიის ანტირეკორდი დაამყარონ.

მოუგებელ სერიას აგრძელებს „რუსთავიც.“ ამჯერად ქვემოქართლელები ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ „კოლხეთს“ უგოლოდ დაუზავდნენ. ვარლამ კილასონიას შეგირდებს ექვსი ტურია აღარ გაუმარჯვიათ.

სამაგიეროდ რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა მეორე ქვემოქართლურმა „სიონმა“. ბოლნისელებმა „ლოკომოტივს“ სძლიეს მინიმალური ანგარიშით.

მთავარი ამბავი კი „მიხეილ მესხზე“ კვირას მოხდა. ლიდერმა „საბურთალომ“ უშუალო მდევარ „დინამოს“ თავსხმა წვიმაში უმასპინძლა და ბრაზილიელი ლეგიონერის ვაგნერ გონსალვეშის 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. ამისდაკვალად, 5 ქულითაც გაუსწრო და მეორე ადგილიც დააკარგვინა. ახლა საბურთალოელებს კვალში გორელები უდგანან. „დილა“ წლევანდელ სეზონში პირველად აღზევდა მეორე ადგილამდე.

„საბურთალო“ დინამოელთათვის მართლაც უხერხულ მეტოქედ იქცა. შარშან მესამე და მეოთხე წრებში ჯერ 4:1 მოუგო, შემდეგ ნულოვანი ფრე ეთამაშა. წლევანდელი სეზონის პირველ წრეში კი, „დინამო არენაზე“ თორნიკე გორგიაშვილის გოლით დაამარცხა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, „ჩიხურამ“ იმერულ დერბიში, ივანწმინდაში „ტორპედოს“ საუკეთესო ბომბარდირის გიორგი გაბედავას გოლით მოუგო და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

XV ტური: კოლხეთი 0:0 რუსთავი, დილა 3:0 სამტრედია, საბურთალო 1:0 დინამო, სიონი 1:0 ლოკომოტივი, ჩიხურა 1:0 ტორპედო

სატურნირო ცხრილი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

XVI ტური
22 ივნისი: ლოკომოტივი – კოლხეთი, რუსთავი – დილა
23 ივნისი: სამტრედია – ჩიხურა, დინამო – სიონი, ტორპედო – საბურთალო

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 9, ლეანდრო რიბეირო, მიკოლა კოვტალიუკი (ორივე – დილა) – 8, ოთარ კიტეიშვილი (დინამო) – 7, ლევან კუტალია (ტორპედო), ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 6

წილი
წინა სტატიაოთხოსნების რუსეთი
შემდეგი სტატიატორპედოს შერიფი გამოუცხადეს
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.