ნახევები ნეიმარის გეტრებზე…

მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატში ბრაზილიაც ჩაერთო. მონდიალების მუდმივმა ფავორიტმა როსტოვში შვეიცარიასთან 1:1 ითამაშა, ესპანური „მარკა” კი ამბობს, რომ შვეიცარიელებს ნეიმარზე აშკარა ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული: მის წინააღმდეგ ათჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. ესპანელ ჟურნალისტებს სწამთ, რომ თუკი ნაოპერაციები ნეიმარი მატჩის წინ კვლავ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მატჩის შემდეგ მის ექიმებს უეჭველად ბევრი საქმე გამოუჩნდებოდათ.

„მარკა” იხსენებს, რომ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე შვეიცარიელთა ბოსნიელი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი და მცველი შტეფან ლიხტშტაინერი იმეორებდნენ, რომ 26 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ძნელი „დასაჭერია”, მაგრამ მათ საამისო ხერხი მოიფიქრეს.

„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს პირველმა ვალონ ბეჰრამიმ უთავაზა, შემდეგ გრანიტ ჯაკამ ლამის შემოახია მაისურა, რასაც ლიხტშტაინერის „აქტიურობა” მოჰყვა: მან ბრაზილიელის მაისურის ჩაბღუჯვა მოინდომა და ამისათვის ჯერ სახეზე წაეპოტინა. მადრიდული გამოცემა წერს, რომ მეტოქის უძლიერესი ფეხბურთელი რასაკვირველია უნდა გააუვნებლო, მაგრამ ის რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, უკვე სასაცილო იყო. მსაჯმა სესარ რამოსმა ნეიმარის დასაცავად არაფერი იღონა, ტელეკამერები კი უკვე მის გეტრებზე ნახევებს აჩვენებდნენ.

„მარკამ” სტატისტიკას ჩახედა და აღმოაჩინა, რომ მას მერე, რაც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტუნისელებმა ინგლისელი ალან შირერის წინააღმდეგ ათჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, ასეთი ნადირობა რომელიმე ცალკე აღებულ ფეხბურთელზე აღარ ყოფილა. ის რაც მოედანზე ხდებოდა ულამაზო სანახავი იყო, მაგრამ მან შვეიცარიელებს მოულოდნელი ქულა მოუტანა.

უკმაყოფილებას ვერც ბრაზილიელთა მწვრთნელი ტიტე და სათადარიგოთა სკამზე მსხდომნი მალავდნენ. ისინი მალიმალ მირბოდნენ მოედნის კიდესთან, რათა მექსიკელი მსაჯისთვის პროტესტი გამოეხატათ.

„მარკა” წერს, რომ ბრაზილიელ ექიმებს ფეხბურთელის სერიოზულ გამოკვლევა დღეისათვის აქვთ დაგეგმილი.