ბადრი კეთილაძის ფოტო

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ახალარჩეული გახლდათ, როცა მალევე ქართულ ფეხბურთში ძირეული რეფორმების შესახებ გამოაცხადა და ზარზეიმით გვამცნო – აწი საქართველოში სეზონს გაზაფხულზე დავიწყებთ და შემოდგომაზე მოვრჩებითო…

მერე დასძინა, ეს ყველაფერი ევროტურნირებზე ქართული კლუბების წარმატებისთვის კეთდება, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდები ფორმაში იქნებიანო…

როგორი წარმატებით ითამაშეს შარშან ჩვენებმა, ყველამ კარგად იცის და წინ რა ელით, ეს კიდევ ცალკე ლაპარაკის თემაა…

შორს ვარ იმ აზრისგან, ქართული გუნდების საერთაშორისო უსუსურობა სწორედ შეცვლილი სისტემის გამოძახილიაო, თუმც დარწმუნებული ვარ, რომ სისტემის ცვლილება აუცილებელი არ იყო და მეტიც, შეცდომა გახლდათ…

წუხელ კი ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამიმყარდა და ვფიქრობ, წონადი არგუმენტია საიმისოდ, ფედერაციის ხსენებულ ცვლილებაზე, შეცდომააო, ვთქვათ.

და რა მოხდა გუშინ?

რა მოხდა და მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ტელევიზორს არის მიჯაჭვული და უდიდეს საფეხბურთო ბატალიებს უცქერს, ეჭვი მაქვს, ფეხბურთის ფედერაციაშიც 24 საათი ტელევიზორი არის ჩართული, იმავე ფედერაციის პრეზიდენტ – მეკალენდრეები სადღაც სხვაგან არიან…

გუშინ, მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ მსოფლიოს ჩემპიონი თამაშობდა, თბილისის „მიხეილ მესხზე“ კი ჩემპიონატის ლიდერები – „საბურთალო“ და „დინამო“. გერმანია-მექსიკის შემდეგ როსტოვში ბრაზილია-შვეიცარია გახლდათ, ხოლო ჩვენი ბობოლების შეხვედრა ამათ შუა მოაქციეს და თავიანთი ჭკუით, მხოლოდ ცოტათი დაამთხვიეს.

გერმანია 19.00-ზე დაიყო, ბრაზილია 22-ზე, საბურთალო – დინამო კი 20.30-ზე.

ერთმანეთს დაამთხვიეს სიონი – ლოკომოტივის მეორე და გერმანია-მექსიკის პირველი ტაიმებიც.

მერე მოგიბრუნდებიან და ჩემპიონატის პოპულარიზაციის ამბავში იქით შემოგედავებიან… თქვე კაი ხალხო, სისტემა შეცვალეთ, შეცვალეთ და დიდი შეცდომაც დაუშვით, ახლა კეთილი მაინც ინებეთ, გერმანიის და ბრაზილიის, თუნდაც შვედეთის ან ბელგიის, თუნდაც ნებისმიერი სხვა გუნდის თამაშს მაინც ნუღარ დაამთხვევთ ეროვნულის მატჩებს…

ოჯახის წევრების გარდა იქნებ სხვასაც სურს მაგალითად, საბურთალო – დინამოს ან კიდევ ჩიხურა – ტორპედოს ნახვა…

ეს გუშინდელ-დღევანდელი, თორემ 15 ივლისამდე ფედერაცია ასეთ „დამთხვევებს“ იმდენს შემოგვთავაზებს…

არ ვარგა, ბატონებო, ეს თქვენი გაზაფხული-შემოდგომა, არა… არც საგარეო წარმატებებისთვის, არც საშინაო საქმეებისთვის.

წილი
წინა სტატიაალემანობრაზილპაუზა
შემდეგი სტატიათვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.