მარსელომ თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 დამარცხების შემდეგ „სელესაო” მთლიანად გარდაქმნა.

„ტიტემ გუნდი ძირეულად შეცვალა. ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია და ჩვენ მისი მეთოდები კარგად გვესმის”, — თქვა მარცხენა მცველმა პრეს-კონფერენციაზე.

მარსელო დღეს, როსტოვში, 22 საათზე, შვეიცარიასთან შეხვედრაში გუნდს უკაპიტნებს. მან თქვა:

„რასაკვირველია, ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ძალიან მახარებს. წარმოადგენდე შენს ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატზე — ეს ყველა ჩვენგანის ბავშვობის ოცნებაა, ხოლო ზედაც სამკლავურის გაკეთება და პირველ შეხვედრაში გუნდის მოედანზე გაყვანა ენითაუწერელი რამ არის. შევეცდები თანაგუნდელებს ჩემი მონდომებით და პოზიტიური განწყობით დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ გუნდს ჩემი გამოცდილებაც გამოადგება”.

მარსელომ შეაქო ტიტე, რომელმაც „სელესაოსგან” ნამდვილი ოჯახის შექმნა შეძლო. მისი თქმით, ბრაზილიის ნაკრებში დღეს ყველა ერთსულოვანია და გონება გამარჯვებისკენ აქვს მომართული.

რაც შეეხება 2014-ის ნახევარფინალში გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ამის შესახებ „რეალის” ვარსკვლავი ამბობს:

„ის ტრავმა გადაულახავი რომ ყოფილიყო, მე დღეს ფეხბურთელი აღარ ვიქნებოდი”.

მარსელოს ესპანეთის და პორტუგალიის შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს. მან მატჩს მშვენიერი უწოდა და დასძინა რომ ორივე გუნდი ფავორიტია.