არადა – წააგო! ჩანაფიქრის ნახევარიც ვერ გაიტანა მოედანზე და მხოლოდ ქულას გამორჩა. ისლანდიამ კი, ბურთის 22%-იანი ფლობით მიზნის ას პროცენტს უწია. ვერც უიღბლობას დაიწუწუნებენ არგენტინელები – შემახსენეთ რეალური საგოლე მომენტები ისლანდიელთა კართან (ცხადია პენალტს არ ვგულისხმობ).
მაშ რა დაემართა არგენტინას?
რა დაემართა და ხორხე სამპაოლი!
მთავარი მწვრთნელი რუსეთში ჩასვლამდე აცხადებდა, რომ გენიალური სქემა შეიმუშავეს: 2-3-3-2 და მოსრავდნენ ყველა მეტოქეს. სამპაოლის დაავიწყდა, რომ სქემა იმის მიხედვით აღინიშნება, თუ როგორ თამაშობს გუნდი დაცვისას და არა შეტევისას. რეალურად ეს ჩვეულებრივი 3-5-2 იყო. ამ სქემას ლეო მესი იმდენად ვერ იტანს, მწვრთნელთან კამათი მოუხდა, ბარსელონური 4-4-2 ან 4-4-1-1 სჯობსო.
კომპრომისზე შეჯერდნენ: დაცვისას 4-4-2 და შეტევისას უკვე სასაცილო 2-3-3-2.
მეტოქე ვერ გათვალეს… ისლანდიას ბევრი „ავტობუსს“ ეძახის და ბევრიც ანტიფეხბურთში სდებს ბრალს. არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაეკვალა გზა, არგენტინასთან ფრედ ეთამაშა და მერე „ავტობუსი“ კი არა, თუნდაც სულ „სამაკატკა“ ეძახათ.
ისლანდიელები ბევრი წელია ნაცად 4-5-1-ს არ ღალატობენ და მეტოქეებიც უშედეგოდ ასკდებიან მათ ორ ეშელონად განლაგებულ დაცვას.
როგორ თამაშობდა არგენტინა?
ფლანგებიდან და საჯარიმოში ჩაწოდებებით, მაგრამ იქ ისლანდიელები ბარე ორს მისცემენ ფორას. რეალურად, თამაშის ეს სურათი სწორედ ისლანდიამ შესთავაზა მეტოქეს და თუ შეტევა მაინც ცენტრისკენ გადაიწევდა, ისლანდიელი საყრდენები ჩანასახშივე კლავდნენ. ლეომ პენალტი გააცუდა და ამის შემდეგ არგენტინა აიჭრა. ვიღას ახსოვდა სამპაოლის დოქტრინა. ტაქტიკას ერქვა – „მიეცით ბურთი მესის, იქნებ სასწაული მოახდინოს“. მესი მაგარია, მაგრამ მთლად მესია ვერ არის. ვერც მწვრთნელი გამოადგათ მთლად დალაგებული და ახლა თამაში კი არა, ბრძოლა მოუწევთ.
ისე, გარკვეული პასუხისმგებლობა თავად ლეოსაც აკისრია. მისი დაჟინებული მოთხოვნით ნაკრებს მიღმა დარჩა „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი. არადა, მისი სატრანფერო ფასი არგენტინელთა შორის მეორეა – 120 მილიონი ევრო. ლეო ვერ ეგუება და მორჩა! უმაგრესი ხარ! გენიოსი ხარ! მწვრთნელს ტაქტიკურ სქემას და შემადგენლობას კარნახობ! მაშინ, ნება იბოძე და პაწაწკინტელა ისლანდიას ბურთი თავზე დაახიე!
არ გამოვა! რატომ? ამის მიზეზი ისლანდიის ნაკრებისვე წევრი გილფი სიგურდსონი იდეალურად ახსნა: „პატარა ქვეყანა ვართ და ფეხბურთელები ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ნაკრების წევრთა უმრავლესობა 17-წლამდელთა გუნდიდან ერთად მოვდივართ და 10-12 წელია, საუკეთესო მეგობრები ვართ. ძნელად მაჩვენებთ დიდ გუნდს, სადაც თუნდაც 4-5 ნამდვილი მეგობარი თამაშობს. სულ ესაა ჩვენი საიდუმლო და კიდევ ის, რომ ვაკეთებთ, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის“.