არგენტინელთა ლიდერმა 1:1-ზე ისლანდიელთა მეკარე ვერ დაჯაბნა და მესამე არგენტინელი შეიქნა, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პენალტი გაუცუდდა.
შორეულ 1930 წელს იგივე პორტენოსტერს ჩაუდენია და 2002 წელს ვერც არიელ ორტეგამ იყოჩაღა.
ვერ გაიტანა და ვერ გაიტანა!
ვის არ მოსვლია?!
ბექჰემი? ბაჯო?
ინგლისელთა დღევანდელი დამრიგებელი გარეთ საუთგეიტი?
ეს სულ უმაღლესი რანგის სანაკრებო ტურნირებში და სულ პენალტების სერიებში, თორემ საკლუბოც რომ გავურიოთ, 1979 წელს ვალერი გაზაევმა რომ ვერ გაიტანა, ვერგატანა ის იყო…
თითქოს არაფერი განსაკუთრებული: არგენტინაც გავა ჯგუფიდან და ლეოც გაიტანს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სასწორზე „ოქროს ბურთი“ დევს. გუშინ ერთმა პორტუგალიელმა ბიჭმა ესპანეთს სამჯერ უთავაზა, მათ შორის ერთი პენალტითაც და საკუთარ პინაზე ღირებული არგუმენტი დადო.
ამის საპირწონედ ისლანდიასთან ვერმოგება და გაცუდებული პენალტი დიდი ვერაფერი პასუხია.
ინფორმაციისთვის: თურმე ლეოს კარიერაში სულ 107 პენალტი დაურტყამს და 25 გაუცუდებია, კრიშტიანუს კი უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი 133 ცდიდან სულ 23-ჯერ ვერ მოუყვანია სისრულეში.
მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ „ოქროს ბურთი“ ჯერჯერობით პორტუგალიელის ნახევარზე დაგორავს.