ირანის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მისი გუნდის მიერ მაროკოს კარში მსაჯის წამატებულ დროში გატანილი გოლი თავის ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვნა. ვისაც ირანელთა გოლი არ ახსოვს: ის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გავიდა, ამას კი ინგლისში „ფერგის დროში” გატანილს ეძახდნენ. მიზეზი: ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრჯერ შეუგდია ასე — დიდი მწვრთნელის შთაგონებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ხშირად გამარჯვებას ბოლოწამს ღლეტდა ხელიდან მოწინააღმდეგეებს.
სტატისტიკისთვის საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ ეს გახლდათ ირანელთა მეორე გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. სხვათა შორის, ხსენებული გოლი გერმანულ „ზანკტ პაულიში” მოთამაშე აზიზ ბუჰადუზმა გაიტანა თავისი გუნდის კარში.
„გოლი „ფერგის დროში” გავიტანეთ და მე ის სერ ალექსს მივუძღვენი. სამწუხაროდ, რაც ავად გახდა არ მინახავს, მაგრამ როგორც კი მოღონიერდება და მეც მოვიცლი, აუცილებლად ჩავალ და გულში ჩავიკრავ. ის დიდი პიროვნება და დიდი მეგობარია” — თქვა კეირუშმა.
პორტუგალიელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ორჯერ იყო სერ ალექსის ასისტენტი. 2011 წლიდან ის ირანის ნაკრებს უდგას სათავეში.
ირანელთა გამარჯვების შემდეგ B ჯგუფში ესპანეთმა და პორტუგალიამ დაუვიწყარ შეხვედრაში 3:3 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხრილში პირველ ადგილზე სწორედ კეირუშის გუნდია. მეორე ტურში, ოთხშაბათს, ყაზანში, 22 საათზე ირანი ესპანეთს ხვდება.