დროის უკუათვლა უკვე საათებზე და წუთებზე მიდის.

მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ დღეს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება ოთხწლეულის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმი.

მსოფლიო ფეხბურთის ელიტას 11 რუსული ქალაქი მასპინძლობს. მუნდიალის მასპინძლად რუსეთის არჩევას სულაც არ აღუფრთოვანებია ქომაგთა უმრავლესობა. არჩევნების პროცესში გარკვეულ მაქინაციებზეც იყო ეჭვი, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. ისღა დაგვრჩენია, ვისიამოვნოთ ფეხბურთის ჯადოქართა ოსტატობით.

ფავორიტთა ფავორიტად ამჯერადაც ბრაზილიელები სახელდებიან და თუ ნეიმარმა ინეიმარა, ეგებ გაამართლონ კიდეც ავანსი.

გერმანელები როდის არ ყოფილან გამარჯვების პრეტენდენტთა შორის, რომ ახლა არ იყვნენ?!

აქვეა მუნდიალზე ძლივსმოხვედრილი არგენტინა და თუ მესის უდიადესებთან გატოლება უნდა, უნდა დაიქუხოს.

ესპანეთს მწვრთნელი უდროო დროს შეუცვალეს, მაგრამ ვეტერანთა და ახალგაზრდათა ამ ნაზავს მაინც ნებისმიერი ამოცანის ამოხსნა ხელეწიფება.

ფრანგები – პორტალ „ტრანსფერმარკეტის“ ინფორმაციით, ფეხბურთელთა ჯამური ღირებულების მიხედვით ყველაზე „ძვირი“ გუნდი ბრწყინვალე შემსრულებლებით და გამოცდილი დეშამით.

და ალბათ, ბელგიაც თავისი ფანტასტიკური თაობით, წინა ორ დიდ ფორუმზე მეოთხედფინალს რომ ვერ გასცდნენ და ამას წელს გეგმავენ.

ფავორიტთა შორის სიმბოლურად ინგლისელთა დამატებით სია ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს.

მუნდიალებს გუნდი-სიურპრიზები, ახლებურად აკაშკაშებული ვარსკვლავები და სენსაციური შედეგები ალამაზებდა მუდამ და იმედი ვიქონიოთ, არც უამისობა იქნება.

და მასპინძლები: ფიფას რეიტინგში მონაწილეთა შორის უსუსტეს რუსეთს ქომაგობა კი ექნება, მაგრამ რუსივე ექსპერტები გახსნის მატჩში საუდის არაბეთთანაც არ თვლიან ფავორიტად.

A ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი      B ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი

C ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი      D ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი

E ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი      F ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი

G ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი     H ჯგუფი. ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი