იცით რა არის ვატუტინკი? ეს გახლავთ დასახლებული პუნქტი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 49 კილომეტრში, სადაც გერმანიის ნაკრები ცხოვრობს და ვარჯიშობს. სწორედ იქ შეხვდა ჟურნალისტებს ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი და მსოფლიოს ჩემპიონთა დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა. მას შეახსენეს, რომ გუნდმა ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთთან (2:1) ცუდად ითამაშა, რაზეც ლიოვმა მიუგო:

„ამ შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა თავისი თამაში ვერ დაიჭირა, თუმცა ეს ძალიან მოულოდნელი არ იყო, რადგან მოსამზადებელ შეხვედრებში ასეთი რამ გვახასიათებს”.

ლიოვი განსაკუთრებით ტაქტიკური მხრით გახლდათ უკმაყოფილო: „დავინახე, რომ ფეხბურთელებთან გარკვეულ ტაქტიკურ ასპექტებზე თავიდან მქონდა სალაპარაკო. ახლა კი ყველაფერი კონკრეტულად კვირისთვის უნდა დაიგეგმოს. ვიცით, რომ მექსიკა შეტევაში აგრესიულად თამაშობს. მათთან გამკლავებას მაქსიმუმის გაღება დასჭირდება, მაგრამ ამისათვის მზად ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ამ კვირაში გუნდს აღმასვლა ექნება”.

რაც შეეხება მესუთ იოზილს, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა.

„მესუთმა ბოლო შეხვედრაში ვერ ითამაშა, თუმცა ძალიან უნდოდა. არა უშავს, ჩვენ ის რამდენიმე დღით დავასვენეთ, რამაც სასიკეთოთ იმოქმედა. ის სრულყოფილად იყო მომზადებული. რაც შეეხება საკვირაო შემადგენლობას, ვინაიდან ჯერ მაინც არის კითხვის ნიშნები, ამიტომ ამ საკითხს შაბათს გადავწყვეტ და დღეს ვერაფრს მოგახსენებთ. ჩვენ დიდ შეჯიბრებაში ვერთვებით და ბოლო კვირის შთაბეჭდილება ყველა ფეხბურთელთან დაკავშირებით, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია”.