„რეალის” ახალი მწვრთნელია ხულენ ლოპეტეგი, რომელიც „თეთრების” კარში პრიველად 1990 წლის 28 აპრილს „ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩადგა. თამაში „ვისენტე კალდერონზე” გაიმართა. მაშინ ლოპეტეგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს. მის გარდა თამაშობდნენ ხულიო ლორენტე, ჩენდო, ფერნანდო იერო, ხესუს სოლანა, რაფაელ გორდილიო, პაკო ლორენტე და სხვები. თამაში, რომელსაც „ატლეტიკო” 3:1-ს იგებდა, 3:3 დამთავრდა.
დებიუტის წინა სეზონში ლოპეტეგი „ლას პალმასში” იყო იჯარით გაშვებული, შემდეგ წელიწადს კი „რეალის” მესამე მეკარის რანგში სათადარიგოთა სკამზე იწყენდა, რადგან მადრიდელთა მწვრთნელები მასზე წინ პაკო ბუიოს და პედრო ხაროს აყენებდნენ. 1991 წელს ბასკი მეკარე „რეალს” დაემშვიდობა და „ლოგრონიესში” გადავიდა, სადაც რეგულარულად თამაში შეძლო და… კვლავ მესამე მეკარე გახდა, ოღონდ ამჯერად ნაკრების შემადგენლობაში.
ლოპეტეგი 1994 წელს „ლა როხასთან” ერთად აშშ-ში იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ მოედანზე ერთი წუთით არ შესულა. მონდიალის დამთავრების შემდეგ კი ის „ბარსელონამ” მიიპატიჟა სადაც სამ წელიწადში მხოლოდ ხუთჯერ ათამაშეს.
1997 წელს ესპანეთის ნაკრების დღევანდელი თავკაცი „რაიო ვალეკანოში” გადავიდა, სადაც 2002 წელს დაასრულა კიდეც ფეხბურთელის კარიერა.
შემდეგ ხუან ლოპეტეგი მწვრთნელის რთულ პროფესისას ეზიარა და 2008-09 წლებში ცოტა ხნით დაბრუნდა „რეალის” იმპერიაში — „კასტილიას” ჩაუდგა სათავეში. 2018-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, ყოფილი გოლკიპერი რუსეთიდან პირდაპირ მადრიდს მიაშიუებს, რადგან ამჯერად დიდი „რეალი” ჩააბარეს.
„რეალის” ახალი თავკაცი 1966 წლის 28 აგვისტოს ასტეასუშია დაბადებული და ფეხბურთის ანა-ბანა „რეალ სოსიედადის” ბავშვთა სკოლაში აქვს გავლილი. 1985 წელს მას „რეალმა” გაუფორმა კონტრაქტი. მაშინ ის ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ ითვლებოდა.
საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე გაიგო, რომ ეროვნული გუნდის თავკაცი, რომელმაც მასთან ახალ ორწლიან კონტრაქტს სულ ახლახან მოაწერა ხელი, მონდიალის შემდეგ „რეალში” გარბის.
საქმეც სწორედ ის არის, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა კარგად იცოდა, რომ ლოპეტეგისა და „რეალს” შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. რუბიალესს ამ მოლაპარაკებისთვის ხელი არ შეუშლია, ერთადერთი, ორივე მხარეს სთხოვა, მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებამდე ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებში დარჩენილიყო. ცხადია, მადრიდელებს ფედერაციისთვის მწვრთნელის გამოსასყიდი 2 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევთ.
ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებში ჯერჯერობით წარმატებულ მწვრთნელად ითვლება. მან გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა, ხოლო კაპიტნად და თავის მარჯვენა ხელად სერხიო რამოსი დანიშნა.
საინტერესოა, რომ კატალონიური „სპორტის” ცნობით, ლოპეტეგის „რეალის” მწვრთნელად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი სწორედ რამოსმა ითამაშა. საბოლოო გადაწყვეტილება რასაკვირველია ფლორენტინო პერესმა მიიღო, მაგრამ ეს რამოსთან კონსულტაციის მერე მოხდაო, წერს პორტალი. „რეალის” კაპიტნის მთავარი არგუმენტი ის ყოფილა, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ის უმთავრესი, რითაც ზიდანის დროს გამოირჩეოდა — ურთიერთპატივისცემა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. ლოპეტეგის ერთ-ერთი მთავარი კოზირი სწორედ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ყოფილა.
წერენ, რომ ახალ მწვრთნელს ახალ გუნდში რამოსის გარდა კიდევ შვიდი თხემით ტერფამდე ერთგული ფეხბურთელი ეყოლება. ესენი არიან: ისკო, დანი კარვახალი, ლუკას ვასკესი, ხესუს ვალეხო, ნაჩო, მარკო ასენსიო და კაზემირო. ამ ფეხბურთელების უმეტესობა ლოპეტეგისთან ჯერ კიდევ 19, 20 და 21 წლამდელებში თამაშობდა, კაზემირო კი „პორტუში” იყო მის ხელქვეით.
ესპანური პრესა წერს, რომ „რეალი” ლოპეტეგის ვარიანტს მას მერე მიუბრუნდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მაურისიო პიჩეტინიოს წამოყვანის გეგმა ჩაეშალა.