ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს! ამის შესახებ თავად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა.
ჯერ კიდევ დილით ესპანური პრესა წერდა, რომ მართალია ლოპეტეგი „რეალის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ კლუბი, ფედერაცია და თავად ნაკრების ბასკი თავკაცი შეთანხმებულები იყვნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს გეგმის შესაბამისად ჩაატარებდნენ. ლოპეტეგი მხოლოდ მონდიალის შემდეგ უნდა გადაბარგებულიყო „სანტიაგო ბერნაბეუზე”, ხოლო „რეალს” ფედერაციისთვის 2 მილიონი ევრო გადაეხადა. მაგრამ, აი სენსაციაც: პორტუგალიასთან პირველ შეხვედრამდე 48 საათით ადრე „ლა როხას” მწვრთნელი შეუცვალეს. ლოპეტეგი რუსეთიდან ესპანეთში დაბრუნდება, გუნდს კი ვინმე სხვა სპეციალისტი ჩააკითხავს.
„ჩვენ იძულებულები გავხდით მსოფლიოს ჩემპიონატზე ლოპეტეგის გარეშე გამოვიდეთ. ფეხბურთელებს ველაპარაკე და გარანტიას ვიძლევი, რომ ისინი ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ყველა რონეს იხმარენ რათა წარმატებას მიღწონ. ჩვენ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვართ”, — თქვა რუბიალესმა.