29 წლის სერბი მცველი ნევინ სუბოტიჩი გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „დორტმუნდში” წელიწადნახევარი თამაშობდა. შემდეგ მათი გზები გაიყარა, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ისინი საფრანგეთის ლიგა 1-ში კვლავ გადაიკვეთებიან. სუბოტიჩი „სენტ ეტიენში” თამაშობს, ტუხელი კი „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი გახდა.
სერბმა ფეხბურთელმა „კიკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტუხელი გვარიანად გააკრიტიკა. მან თქვა:
„ვისურვებდი მასთან უკეთესი ურთიერთობა მქონოდა. ტუხელამდე პატიოსან მწვრთნელებთან მუშაობას ვიყავი დაჩვეული, რასაც ისინი მეუბნებოდნენ მკაფიო და გულწრფელი იყო. ტუხელის ხელქვეით თამაშის დროს კი სულ სხვა რამ გამოვცადე”.
2017 წლის დასაწყისში დირტმუნდელებმა სუბოტიჩი „კიოლნს” გადასცეს იჯარის წესით, შემდეგ კი ფეხბურთელმა ქუდი დაიხურა და საფრანგეთში გაიქცა. ფეხბურთელი ნაწყენია ათწლიანი ერთგულების შემდეგ „დორტმუნდმა” ხეირიანი დამშვიდობების გარეშე რომ გაუშვა, თუმცა „შავ-ყვითლებში” გატარებულ დროს თავისი ცხოვრების უმშვენიერეს, ყველაზე შემოქმედებით პერიოდს უწოდებს.
რაც შეეხება ტუხელის მომავალს „პარი სენ ჟერმენში”: „მწვრთნელისთვის იმაზე კარგი და იმავდროულად იმაზე რთული არაფერია, როდესაც უდიდესი ამბიციების მქონე გუნდს უდგას სათავეში”, — თქვა სერბმა.
ტუხელის წინამორბედმა ესპანელმა უნაი ემერიმ პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონებიც გახადა და ქვეყნის თასიც მოაგებინა, მაგრამ მაინც გაუშვეს თანამდებობიდან. კლუბმა, რომელმაც ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, ჩემპიონთა ლიგიდან მერვედფინალში გამოვარდნა წარუმატებლობად მიიჩნია.
ნევინ სუბოტიჩი: „ტუხელს პარიზში მარტო სამწვრთნელო ცოდნა არ ეყოფა. იღბალის დასჭირდება”.