ბადრი კეთილაძის ფოტო

სოლომონ კვირკველია

დაიბადა: 1992 წლის 6 თებერვალს სამტრედიაში
სიმაღლე: 190 სმ; წონა: 75 კგ
ამპლუა: ცენტრალური მცველი
კლუბი: „ლოკომოტივი“ (მოსკოვი, რუსეთი)
სათამაშო ნომერი: 33 (კლუბში), 5 (ნაკრებში)

საკლუბო კარიერა
2009/2010 „ზენიტი“ (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი
2010/2011 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი
2011/2017 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) 87 მატჩი, 3 გოლი
2012/2013 „ნეფტეხიმიკი“ (ნიჟნეკამსკი, რუსეთი) 18 მატჩი, 0 გოლი
2017 წლიდან „ლოკომოტივი“ (მოსკოვი, რუსეთი) 41 მატჩი, 2 გოლი

სანაკრებო კარიერა
2009/2010 საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 6 მატჩი, 0 გოლი
2011/2013 საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 14 მატჩი, 0 გოლი
2014 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მატჩი, 0 გოლი

ტიტულები
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (2): 2014, 2017
რუსეთის ჩემპიონი (1): 2017/2018 („ლოკომოტივი“)
რუსეთის თასის მფლობელი (2): 2011/2012 („რუბინი“), 2016/2017 („ლოკომოტივი“)

მაშ ასე, წარმოგიდგენთ საქართველოს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს… ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული 26 წლის საბა კვირკველია გახდა.

ათწლიანი პაუზის შემდეგ, „სარბიელმა“ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ყოველწლიური გამოკითხვა მალტა-ლუქსემბურგთან სანაკრებო მატჩებამდე დაამთავრა, რადგანაც იმ ორ შეხვედრას შედეგებზე რაიმე გავლევა არ მოეხდინა.

საბა კვირკველიას მართლაც ჩინებული სეზონი ჰქონდა და ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა არჩევანშიც გასაკვირი არაფერია – საბამ ეს აღიარება მისი თამაშით, შრომით დაიმსახურა.

მომქანცველი სეზონის შემდეგ ის თბილისშია. შვებულებას მონატრებულ ახლობელებთან ატარებს და გარდა ამისა მისი აქ ყოფნა ერთი დიდ ქრისტიანული ამბითაც არის განპირობებული – თავისი პატარა ვაჟი გიორგი უნდა გააქრისტიანოს…

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთან ტრადიციულად დავიწყეთ.

– საბა, ჯერ ტრადიციული ორი კითხვა: ელოდი რომ საუკეთესოდ დაგასახელებდნენ?
– გამიხარდა სარბიელის გამოკითხვის აღდგენა. ბედნიერი ვარ, რომ ჟურნალისტთა რჩეული გავხდი. მადლობა ყველას ვინც მაღიარა, დამაფასა და მხარი დამიჭირა. მადლობა ყველას ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. ვეტყვი. ყველა ფეხბურთელისთვის მთავარი ჯილდო თავის ქვეყანაში საუკეთესოდ აღიარება გახლავთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ასეთი პრესტიჟული გამოკითხვის გამარჯვებული გავხდი. რაც შეეხება ველოდი თუ არა საუკეთესოდ ჩემს დასახელებას, ალალად ვიტყვი, არ ველოდი.
– შენთვის რომ გვეკითხა როგორ სამეულს ჩამოწერდი?
– საბა კვირკველიაც ნომინანტი რომ ყოფილიყო?
– რა თქმა უნდა…
– კვირკველია, კაშია, ჩაკვეტაძე … ცხადია, საქართველოში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მათ ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, სამწუხაროდ სეზონი თითქმის ბოლომდე გაუცდათ. არადა, სექტემბრიდან მათი დახმარება საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
– როგორ ფიქრობ, კარიერაში საუკეთესო სეზონი გქონდა?
– გავხდი რუსეთის ჩემპიონი, ცოტა ადრე მოვიპოვე თასი… გავხდი ბიჭის მამა… დიახ, ყოველმხრივ წარმატებული სეზონი მქონდა.
– ბიჭი ფეხბურთელად უნდა გაზარდო?
– ცხადია, სურვილი მაქვს, დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული.
– მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. ფეხბურთში შენს პირველ ნაბიჯებზე მოგვიყევი.
– მამა ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლავთ. მან მიმიყვანა სწორედ ფეხბურთზე, სამტრედიაში. ცუდი პერიოდი დაემთხვა, არანაირი პირობა არ იყო, ბურთი, ბუცი, ყველაფერი დეფიციტი გახლდათ… ოჯახი კი თეთრზე თეთრს ამატებდა, რომ ფეხბურთის ჯგუფის საფასური გადაეხადა. 13 წლის ვიყავი, როცა მამამ თბილისში წამომიყვანა, მწვრთნელებმაც ურჩიეს, ნიჭიერია და არ დაიკარგოსო. თბილისში, ნორჩი დინამოელის სკოლაში მიმიყვანეს, სადაც მწვრთნელებად გია ხიზანიშვილი და თემურ გოგიჩაიშვილი დამხვდნენ, თუმცა სკოლა მალევე დაიხურა. დავრჩი უგუნდოდ, ჩემი საფეხბურთო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ დროს კი გია ხიზანიშვილი დაგვიკავშირდა, „დინამოს“ აკადემიაში ფეხბურთელების შერჩევა იწყება და ეგებ, მიხვიდეო. მივედი, თუმცა მალევე გამომიშვეს, ჩვენს დონეს ვერ აკმაყოფილებ, ივარჯიშე და გაისად მოდიო. იქიდან კი თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში მივედი. ბატონი თენგიზის დიდი მადლობელი ვარ, ის თან გადამყვა, მასწავლიდა, ყურადღებას მაქცევდა, მირეკავდა, მშობლებს ურეკავდა და ჩემს ამბავს კითხულობდა…
– საქართველოს ჩემპიონატში არ გითამაშია, პირდაპირ რუსეთში როგორ აღმოჩნდი?
– სულაქველიძის აკადემიიდან ასაკობრივ ნაკრებში მიმიწვიეს, ელიტ-რაუნდი შვედეთში ჩარატდა. ჩვენთან ერთად იყო რევაზ ჩელებაძეც, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გამიხმო და თანამშრომლობა შემომთავაზა. დავთანხმდი. ხოლო როცა 18 წლის შევსრულდი სანკტ პეტერბურგის „ზენიტში“ წამიყვანა, გუნდთან ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმც მალევე ყაზანში გადავბარგდი და ადგილობრივი „რუბინის“ მეორე გუნდში ჩავირიცხე. პირველ გუნდს ეკატერინბურგში ჰქონდა თასის თამაში, ძირითადის ორი მცველი კი ტრავმირებული იყო და მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა შანსი მომცა. ვითამაშე, პენალტებით მოვიგეთ ის შეხვედრა. რამდენიმე დღეში კი უკვე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გველოდა კიევში, „დინამოსთან“. ბედად, „რუბინის“ მესამე მცველიც დაშავდა. მწვრთნელმა კი ძირითადში გამამწესა. სწორედ იმ თამაშის მერე „რუბინთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
– დიდი ფეხბურთის თამაში ყურბან ბერდიევის ხელში დაგიწყია.
– დიახ, ასე იყო, დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი მის დროს გადავდგი, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. შემდეგ კი „რუბინში“ რინატ ბილიალიდინოვი მოვიდა, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების საშუალება მომცა, უმაღლეს დონეზე თამაშიც მაშინ დავიწყე.
– მოკლედ, მწვრთნელებში გიმართლებს, ბერდიევისა და ბილიალიდინოვის შემდეგ მოსკოვის „ლოკომოტივში“ ქართველი ფეხბურთელებისა და ზოგადად, საქართველოს დიდ მოყვარულ იური სიომინთან მოხვდი…
– კი, მაგრამ, „ლოკომოტივამდე“ „რუბინში“ ისეთი პერიოდი გამოვიარე, მტერს არ ვუსურვებ. ბილიალიდინოვის შემდეგ გუნდში ესპანელი მწვრთნელი მოვიდა თავისი შვილობილი ფეხბურთელებით და… ჯერ სკამზე გადამსვა, შემდეგ კი 23-კაციან განაცხადშიც აღარ შევყავდი. რამდენჯერმე ვცადე მიზეზის კითხვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, არ მელაპარაკებოდა, კლუბის ხელმძღვანელებთან ვცადე საქმის გარკვევა, მწვრთნელი არ მათამაშებს, გუნდიდან მაინც გამათავისუფლეთ – მეთქი, ხელფასზეც კი უარი ვთქვი, მაგრამ არ გამიშვეს, არადა, ყურბან ბერდიევი „როსტოვში“ მეპატიჟებოდა ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ, მერე კი არც „კრასნოდარში“ წასვლის უფლება მომცეს.
– სიომინთან როგორ მოხვდი?
– იური სიომინი არის ძალიან მაგარი ადამიანი და გონიერი მწვრთნელი. დიახ, ის ქართველების დიდი მოყვარულია, ხოლო როცა სეზონის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემს ტრანსფერზე, ცოტა არ იყოს, ღვარძლიანად ჰკითხეს, მან მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა – როცა ჩემს გუნდში ქართველი თამაშობს, გუნდი აუცილებლად რამე ტიტულს მოიგებსო. მან და მამუკა ჯუღელმა აბსოლუტურად შეცვალეს ჩემი საფეხბურთო ცხოვრება, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ. გაჭირვების დროს სწორედ მამუკა ჯუღელი ამომიდგა გვერდში, ის ჩემი ოჯახის წევრია, დიდ პატივს ვცემ.
– სიომინის იმ სიტყვებს რუსებისგან როგორი რეაქცია მოჰყვა?
– მას შემდეგ ოპონენტებს ხმა აღარ ამოუღიათ, თავიანთ კითხვაზე კიდევ უფრო მკაფიო პასუხი კი წინა სეზონის ბოლოს მიიღეს, როცა საჩემპიონო თასით ხელში მნახეს.
– იყო პერიოდი როცა რუსები მოქალაქეობას გთავაზობდნენ. ამის შესახებ არ გკითხო, არ იქნება…
– ეს მაშინ იყო, როცა რუსეთის ნაკრებს ფაბიო კაპელო თავკაცობდა. ყაზანში, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი სტადიონი როცა ააშენეს, სწორედ მაშინ, გახსნაზე ჩამოვიდა კაპელო. სწორედ „ლოკომოტივთან“ თამაში დაემთხვა. ნამატჩევს კი „რუბინის“ ოფისიდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. შევდივარ პრეზიდენტის კაბინეტში და ვხედავ: „რუბინის“ პრეზიდენტი, სპორტული დირექტორი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი, კიდევ რამდენიმე კაცი, ფაბიო კაპელო, მისი თარჯიმანი და თანაშემწე სხედან. დავჯექი და რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი პირდაპირ მეუბნება: კაპელოს თვალში მოუდიხარ და მასაც და ჩვენც სურვილი გვაქვს, რუსეთი მოქალაქეობა მიიღო და ჩვენს ნაკრებში ითამაშოო. ცოტა რა იყოს, დავიბენი. როგორია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მის გუნდში გეპატიჟება?! მოვიფიქრებ, მშობლებს დაველაპარაკები, მეთქი, ვუპასუხე. კაბინეტიდან გამოსულმა პირდაპირ მშობლებს დავურეკე და რა პასუხიც გამცეს, ცხადია. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ მისი ქვეყნის ნაკრებში უნდა ითამაშოს.
– „ლოკომოტივიდან“ შენს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ლაპარაკი არ წყდება. შეგიძლია რაიმე კონკრეტული თქვა?
– ცხადია, სასიამოვნოა, როცა შენს გარშემო ასეთი ინტერესია, თუმცა სხვას ვერაფერს ვიტყვი. „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაკავშირებს და სხვა თუ არაფერი, ახლა ლამაზი არ იქნება იმ კლუბიდან წასვლა, რომელიც პატივს გცემს და გაფასებს.
– რომელ გუნდს ქომაგობს საბა კვირკველია?
– „იუვენტუსს“ და იტალიის ნაკრებს, თუმცა მიმაჩნია, რომ საუკეთესო ფეხბურთს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ.
– მსოფლიო ჩემპიონატს რომელი გუნდი მოიგებს?
– საფრანგეთს ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი და მგონი პირველობასაც იმსახურებს.
– მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელი?
– „ბარსელონა“ და მესი.
– „ლოკომოტივში“ ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობ?
– ალან კასაევთან, ვისთან ერთად „რუბინშიც“ ვთამაშობდი. ის ყაზანიდან ჩემამდე წავიდა, თუმცა, კონტაქტი და ლამის ყოველდღიური ურთიერთობა არც მის შემდეგ გაგვიწყვეტია. „ლოკომოტივში“ კი სულ ერთად ვართ.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– ოჯახთან და მეგობრებთან ერთად – ჯანო ანანიძე მოსკოვშია, ასევე სპარტაკელი გიორგი ჯიქია, გია გრიგალავა ჩემი ბავშვის ნათლიაა…
– საყვარელი კერძი?
– თუ გავითვალისწინებთ რომ წონის პრობლემა არ მაწუხებს, ყველაფერს მივირთმევ. მაგალითად, ყოველ კვირა ქართულ რესტორანში ვარ და ხინკალს გეახლებით.
– სასმელი?
– მატჩის შემდეგ თანაგუნდელები ლუდს მივირთმევთ ხოლმე, უფრო ძლიერ ალკოჰოლს არ ვეტანები.
– შენთვის ყველაზე უხერხული ფორვარდი ვინ არის?
– რუსთში?
– ზოგადად, ვის წინააღმდეგაც გითამაშია…
– რუსეთში არტიომ ძიუბას, ისე კი ატლეტიკოს შემტევებმა დიეგო კოშტამ და ანტუან გრიზმანმა დატოვეს ჩემზე დიდი შთაბაჭდილება.
– რაიმე თილისმა გაქვს?
– თილისმის რა გითხრათ, თუმც ყოველი თამაშისას ჯვარი მაძლიერებს, რომელსაც სამაჯურთან ერთად ვატარებ.
– საფეხბურთო ოცნებად რა გაქვს?
– საქართველოს ნაკრების წარმატება. ეროვნულ გუნდთან ერთად მსურს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მსურს მივაღწიო იმას, რაც ჩვენს გუნდს აქამდე არ გამოსვლია.
– და ერთიც: როგორი ადამიანია საქართველოს 2017-2018 საუკეთესო ფეხბურთელი?
– უბრალო. უყვარს შრომა და აქვს მიზანი.
– მიზნების ასრულებას გისურვებ…
– მადლობა სარბიელს, ლიდერბეთსა და თქვენს გამოკითხვაში მონაწილე ყველა ჟურნალისტს.

ბადრი კეთილაძის ფოტორეპორტაჟი

წილი
წინა სტატიასუბოტიჩი: ტუხელი პატიოსანი არ არის
შემდეგი სტატიასაბაობა
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.