
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულები იცვლებიან, იცვლება სპეციალურად მათთვის დამზადებული ექსკლუზიური პრიზები, აი, მათი შემოქმედი, მოქანდაკე კი უცვლელი რჩება – საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის ორგზის კავალერი გია ჯაფარიძე.
ვეტერანი მორაგბეა, თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი იყო და სსრკ პირველობის მრავალგზის პრიზიორი, თუმც აღარც კი ახსოვს ხელოვნებას როდიდან და როგორ ეზიარა, ამბობს, დაბადებიდანო…
ხელი კი მართლაც ჩინებული აქვს – თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე კომპოზიცია, გალაქტიონის ხიდზე – ლომები, ბაქოს ცეცხლოვანი რაში, მოსკოვის რაშების კომპოზიცია, რომელიც 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა… გია ჯაფარიძე გახლდათ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მთავარი მხატვარი. მის მარჯვენას ეკუთნის მონუმენტები ჰოლანდიაში, აშშ-ში, მოლდოვაში…

– ცხადია, სასიამოვნოა, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე მიწევს ხოლმე მუშაობა. ამჯერადაც სიამოვნებით მივიღე თქვენი შემოთავაზება – გვითხრა გია ჯაფარიძემ, – მიხარია, რომ „სარბიელი“ ისევ დაბრუნდა და ისევ ქართული სპორტის სამსახურშია. ქართული სპორტის წარმატებებზე წერას გისურვებთ.
– „სარბიელმა“ ამჯერად „ლიდერბეთის“ მხარდაჭერით მოაწყო გამოკითხვა, გამოავლინა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი და აჯილდოებს მას… რა პრიზი ელის გია ჯაფარიძისგან გამოკითხვაში გამაჯვებულს?
– ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის გამარჯვების ქალღმერთ „ნიკეს“ ფიგურა ჩამოვასხი. მთლიანად ბრინჯაოა. კარგა ხანი დამჭრდა საბოლოო სახის მიცემამდე და რაც გამოვიდა, ქომაგმა შეაფასოს…
– ლიდერბეთისგან და სარბიელისგან კი უკვე შეფასებულია…
– მიხარია თუ მოგეწონათ, რაც მთავარია, პრიზი გულით არის გაკეთებული.
– ფეხბურთელის ფიგურისა და „ბურთი კვარცხლბეკზე“ შემდეგ „ნიკე“ თქვენგან ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დამზადებული მესამე პრიზია… რომელის დამზადება იყო უფრო რთული?
– სამივე ერთმანეთზე რთული იყო, თუმცა რამდენადაც რთული, იმდენად სასიამოვნო, თითოეული დეტალი დიდი ყურადღებით გამზადდა. თანაც არ დავივიწყოთ, რომ სამივე ეს პრიზი ექსკლუზიურია და მხოლოდ „სარბიელის“ გამოკითხვის გამარჯვებულისთვის არის განკუთვნილი.