რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბმა პერმის „ამკარმა“ დიდხანს სიცოცხლე გვიბრძანა – პერმის მხარის ბიუჯეტში გუნდის საკვები ფული გათავდა და „ამკარი“ გუშინ ოფიციალურად გაუქმდა. 1994 წელს შექმნილი კლუბი 2004-დან პრემიერ ლიგაში იყო და ერთხელ ( 2008 ) თასის ფინალსაც უწია. „ამკარის“ ნაცვლად პერმში „ზვეზდა“ -ს გააკეთებენ და მეორე დივიზიონში ითამაშებს.
სანაღვლო ამ ამბავში ჩვენთვის არაფერია, „ამკარის“ ყოფილი ფეხბურთელის ნიკოლაი ზაიცევის კომენტარის თარგმნა კი ღირს: „მხარის გუბერნატორმა მაკსიმ რეშეტნიკოვმა კლუბი უბრალოდ მიაგდო და ახლა რა ? გააკეთებენ „ზვეზდას“ და ათამაშებენ მეორე დივიზიონში. თუ ვინმე გაახურებს, მოაკეტინებენ, ახალი გუნდი ხომ გავაკეთეთო. გაგიჟდება კაცი ! თან ეს ხდება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ !
მერე უკვირთ, რატომ ვერ თამაშობს კარგად ნაკრები და რატომ არ იზრდებიან ამ ქვეყანაში რონალდუები და ნეიმარები. იმიტომ, რომ რუსთში კლუბის დაშლას 5 წამში ახერხებენ. სამაგიეროდ ჩვენ ყველანი ვივლით ტანკებით, ვიფრენთ გამანადგურებელი თვითმფრინავებით, ჩავალთ წყალქვეშ და გავუშვებთ რაკეტებს !
მსგავსი ამბები მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება. აურაცხელი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება ნებისმიერი სფეროდან. აღარ იქნება „ამკარი“ და რა დაგვრჩება პერმში ? კალთბურთის გუნდი „ ურალ-გრეიტი“ აღარაა, ჰოკეის გუნდიც გააუქმეს და მხოლოდ „ამკარი“ იყო დარჩენილი და ეს გვეამაყებოდა. რით ვიამაყოთ ამის შემდეგ, ციხეებით და ზონებით ? “
ციხეების და ზონების გამო კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს, აქვე ვთქვათ, რომ პერმის მხარეში არის საქვეყნოდ ცნობილი, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია, სახელად … „თეთრი გედი“.