აი, ნამდვილი როკენროლის სულისკვეთება: ლეო მესი და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო შოუზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია, „როლინგ სტოუნის” კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.
(I Can’t Get No) Satisfaction — აგერ უკვე 53 წელია მღერიან „როლინგები” და „სანი” ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმღერას მოხერხებულად აბამს მესის ამბავს. გაზეთი წერს, რუსეთში მას სწორედ მეტი satisfaction ანუ დაკმაყოფილება, სიამოვნება, კომპენსაცია სჭირდება, ვიდრე წინა ჩემპიონატებში მიიღოო. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში „ალბისელესტე” ფინალში გავიდა, მაგრამ იქ გერმანიის ნაკრებთან 0:1 წააგო.
არგენტინის ნაკრები ვარსკვლავებით სავსე გუნდია. მესის გარდა იქ თამაშობენ გონსალო იგუაინი, ანხელ დი მარია, სერხიო აგუერო, პაულო დიბალა, კრისტიან პავონი და სხვები. მწვრთნელს ხორხე სამპაოლოს შემადგენლობის შერჩევისას მართლაც ბევრი ფიქრი მოუწევს.
დაცვა, რომლის წევრებიც არიან ნიკოლას ოტამენდი, მარკოს როხო და ხავიერ მასკერანო საშუალოდ 30 წლისაა. ეს თავის მხრივ დიდ გამოცდილებას ნიშნავს ანუ სამპაოლის სწამს, რომ მისი გუნდი რუსეთის სტადიონებზე დაცვის შეცდომების გამო არ წააგებს.
წერენ, რომ ეს მესის ბოლო შანსია სამშობლოს სახელით წარმატებას მიაღწიოს, რადგან ოთხი წლის შემდეგ, ყატარში, ის უკვე 34 წლის იქნება და კაცმა არ იცის იქ ფეხბურთელად ჩავა თუ ტურისტად. თუმცა, „როლინგ სტიუნზის” თემას რომ დავუბრუნდეთ, თუკი „ბარსელონას” ლიდერი მიკ ჯაგერსავით უბერებელია, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მოგეხსენებათ, არგენტინას წილისყრაში ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. მასთან ერთად ეგრეთწოდებულ „სიკვდილის ჯგუფში” არიან ხორვატია, ნიგერია და ისლანდია — თეორიულად ძლიერი მეტოქეები. პრაქტიკულად რა მოხდება მოედანზე, ცხადია არავინ იცის.
პირველი თამაში „ალბისელესტეს” 16 ივნისს ისლანდიასთან აქვს, მეორე — 21 ივნისს ხორვატიასთან, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩი 26 ივნისს ნიგერიასთან უწევს.