ფაბიანუ კარუანა Norway Chess-ს სუპერტურნირის გამარჯვებულია. შეჯიბრში პლანეტის 10 უძლიერესი დიდოსტატი გამოვიდა და ნორვეგიულმა სტავანგერმა უმასპინძლა. მოჭადრაკებმა თავიდან ბლიცში მოსინჯეს ძალები. საუკეთესო უესლი სო გახდა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა.

მთავარ შეჯიბრში თავიდან 10 დიდოსტატი ჩაერთო, თუმც მესამე ტურის შემდეგ ამქარს დინ ლიჟენი გამოაკლდა. როცა ტურნირზე ერთდღიანი შესვენება იყო, ჩინელმა მამამისთან ერთად ზღვის სანაპიროზე ველოსიპედით გასეირნება გადაწყვიტა, სეირნობისას კი სიჩქარე აკრიფა და მოხვევისას წაიქცა, რაც თეძოს მოტეხილობად დაუჯდა. დაშავებული მოჭადრაკე იმავე დღეს საავადმყოფოში მოათავსეს, ოპერაციაც გაუკეთეს და დროულად უწამლეს, თუმც ტკივილების გამო შეჯიბრის გაგრძელება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, დაშავებული სასადილოში მოჭადრაკეებს შორის კულინარიულ დუელში ჩაერთო და ანანდთან ერთად საუკეთესო გახდა. ტრავმამდე ლიჟენმა სამი ყაიმი მოასწრო, მაგრამ წასვლის შემდეგ შედეგები გაუნულდა და მეტოქეებმაც მასთან შეხვედრის დღეს დაისვენეს.

ტურნირის მთავარი ინტრიგა, ნოემბერში გასამართი, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის მეტოქეების, მაგნუს კარლსენის და კარუანას შეხლა იყო, რომელიც პირველივე ტურში შედგა. ნორვეგიელს თეთრები ერგო, 77-ე სვლაზე იმარჯვა და ერთპიროვნულად დაწინაურდა, რადგანაც დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. მესამე ტურში მასპინძელმა, ლევონ არონიანის ძლევით, უახლოეს მდევრებთან ქულამდე გაზარდა უპირატესობა. დაწინაურების მიუხედავად ვიკინგი უკმაყოფილო იყო, სერგეი კარიაკინს და შაჰრიარ მამედიაროვს ბრალი წაუყენა, ცხოვრებაში მეგობრობენ და ახლაც მეგობრულად 28-ე სვლაზე ყაიმი ითამაშესო. პარტიის გაყიდვა ორივე მოჭადრაკემ უარყო.

მეექვსე ტურში კარლსენის ერთპიროვნული ლიდერობა დასრულდა, როცა შავებით ბლიცის გამარჯვებულ სოსთან დამარცხდა და სამი მეტოქე შეიამხანაგა. არადა ბლიცში ნორვეგიელმა იოლად სძლია ფილიპო-ამერიკელს.

მომდევნო ტურში მსოფლიოს ჩემპიონმა დაისვენა, რადგანაც ლიჟენთან უწევდა გრაფიკით თამაში და მონაგარს ვერაფერი შესძინა. დარჩენილ ორ ტურში კი, აუტსაიდერებში მყოფი კარუანა გამოცოცხლდა, ორივე პარტია მოიგო, მდევრებს ნახევარი ქულით გადაუსწრო და ტურნირიც დამსახურებულად მოიგო.

საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო იყო, საიდანაც გამარჯვებულმა 75 ათასი მიიღო.

1. ფაბიანუ კარუანა (აშშ) – 5 ქულა
2. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 4,5
3. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 4,5
4. ვიშვანათან ანადი (ინდოეთი) – 4,5
5. უესლი სო (აშშ) – 4
6. ლევონ არონიანი (სომხეთი) – 4
7. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 3,5
8. მაქსიმ ვასე ლაგრავი (საფრანგეთი) – 3
9. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 3
10. დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 1,5 (გამოეთიშა)

წილი
წინა სტატიაზაზას მონიჩბული ევროპა
შემდეგი სტატიაქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – გულით გაკეთებული
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.