ზაფხული მოვიდა და გაგიხარიათ, ჩვენს ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. კარგა ხანია ეზოს ფეხბურთი არ მინახავს – გარაჟებს შორის, მტვრიან ასპალტზე გაგორებული ბურთი ცხოვრების ადამიანურობის და სილამაზის უტყუარი ნიშანია.

ეზოს ფეხბურთი საუცხოო საყურებელია: აგერ, ის ღიპიანი ბიჭი პირწავარდნილი გასკოინია (ყოველ შემთხვევაში, აშკარად ცდილობს, რომ გაზას ჰგავდეს), მოხერხებული ქურთის ბიჭი ჯორკაეფივით იწმენდს ოფლს, ვიღაცას, ორიოდ ღერი ღინღლი რომ ამოსვლია ნიკაპზე ბობანას ეძახიან, ერთი თავგადაპარსული კი ყვირის: „დელა პენია ვარ, დელა პენია ვარ“ და ასე დაუსრულებლად.

გასაკვირი არც არის, ბიჭები ფეხბურთს უყურებენ და გმირებს ბაძავენ.

ეზოს ფეხბურთს თავის წილი ყველაფერი აქვს – ტექნიკაც, ტემპიც, ჯიგარი და თქვენ წარმოიდგინეთ, ტაქტიკაც კი.

ეზოს ფეხბურთის თამაში ჩვეულებრივ „კოკა-კოლათი“ მთავრდება.

მე სიამოვნებით ვუყურებ ამ თამაშს, გარაჟის კედლიდან მიწოდებულ პასებს და ასევე მხიარულად ვუსმინე „გადირკული“ მეკარის გინებასაც, თუმცა, თავისიანებს არც მეკარე დარჩენია ვალში.

იმავე ღამეს სხვა თამაშიც იყო და დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე, ახლა არც მინდა იმ ამბების მოყოლა, რაც უკვე ყველა გაზეთში ეწერა. არასოდეს მინახავს ასეთი გულისგამგმირავი რამ. „უეცარი სიკვდილი“ გოლის გარეშე.

ჩვენ, ვინც კი რომელიმე გუნდს ვქომაგობდით, ევრო-96-ის მეორე ნახევარფინალში გვარიანად აგვეშალა გრძნობები, მაგრამ ჩვენ ჯანდაბას – საკვირველი სწორედ ის არის თავად ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაატანენ. თამაშის დამთავრების ძველებური ზეიმი არ ყოფილა, მოედანზე მყოფი ვაჟკაცები ჯერ ერთადერთ კაცს, გაუბედურებულ ჭაბუკს, გარეთ საუთგეითს მიეფერნენ და მოგებულებმა მხოლოდ ამის შემდეგ მიაშურეს თავიანთ გახარებულ ქომაგებს. იურგენ კლისმანი, ვენეიბლიზი და ტონი ადამსი ისე აწყნარებდნენ საუთგეითს, რომ ცხადი იყო – მოედანზე მყოფი ოცდაორი ფეხბურთელი გრძნობდა, რომ ყოველი მათგანი შეიძლებოდა მდგარიყო მის ადგილას. თუკი ფეხბურთი თამაშია, პენალტის გაფუჭებაც თამაშის ნაწილია. ამისაგან ფეხბურთელები არ უნდა სახიჩრდებოდნენ, რადგან არავინ უხდის მათ ფულს იმაში, რომ სულიერ ხეიბრებად იქცნენ.

გარეთ საუთგეითს იმის ფასი არაფერი დაუშავებია, რომ ბედს მისთვის ამგვარი გამოცდა მოეწყო.

საგანგაშო მართლაც არაფერი იქნებოდა, ფეხბურთი რომ თამაშად დარჩენილიყო. ფეხბურთელი ბურთს ააცილებდა და ცხოვრება ძველებურად გაგრძელდებოდა, რადგან ფეხბურთი პროფესიაა და პროფესიონალს თამაში ევალება. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა – თამაშის გარდა შენ გევალება ომი და სულ ტყუილად აქილიკებ ინგლისურ ტაბლოიდებს, ფეხბურთს ომს ადარებენო.

ინგლის – გერმანიის მატჩი იყო ნამდვილი ომი და ამ ომში სასიკვდილოდ დაიჭრა ერთი კაცი, დანარჩენები კი ასე, თუ ისე, გადარჩნენ.

ფეხბურთის მამებმა მოახერხეს და ფეხბურთი სამასათასიან გლადიატორულ სანახაობად აქციეს. ალბათ, იმიტომ, რომ კაცმა შვიდი ჰამბურგერის გაღეჭვა მოასწროს და ოთხის ნაცვლად ოცდაოთხი სარეკლამო რგოლის ნახვა მოახერხოს.

ფეირ-ფლეი იმიტომ უნდა გვქონდეს მიკრული ბეჭზე, რომ ომის სურათი დამალო. ხოლო საფეხბურთო ლოგიკა ისეთ ლოგიკურ რამედ აქციო, რომ უბრალოდ, მოხერხებული ჩეხეთი ევროპის უძლიერეს გუნდად დასახო. პედროსმა ცუდად მოიქნია ფეხი და ჩეხი ევროლიდერი ყოფილა, ზეედორფმა ცუდად მოიქნია ფეხი და ფრანგები უკეთესები არიან, ნადალმა ვერ დაარტყა და ასე შემდეგ…

ამ საქმეს ისევ ვარსკვლავები თუ უშველიან. გლადიატორობას მათ უნდა დაუბრუნონ თამაშის სახე.

ხომ გინახავთ „ნაიკის“ რეკლამა უცხოურ არხებზე, სადაც ვარსკვლავები ურჩხულებს ამარცხებენ? მე თუ მკითხავთ, სწორედ აქეთკენ მიდის საქმე. სხვა გზა არ არის. თუ არ გამოვიდა და გულის გასკდომას და ომის ყურებას ისევ ეზოს ცქერა სჯობია.

მაგრამ როგორც რეკლამაშია:

JUST DO IT!

29.06.1996

წილი
წინა სტატიაღარიბი რომანი და მდიდარი ჯიმი
შემდეგი სტატიასალაჰი: შეიძლება განზრახაც დამამტვრია
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.