
რომან აბრამოვიჩმა თქვა, რომ უმდიდრესი ბრიტანელი ჯიმ რეტკლიფი მას „ჩელსის” შეძენასთან დაკავშირებით არ შეხმიანებია. რეტკლიფი ნავთობქიმიური ბიზნესის წარმომადგენელია. ის 27 მილიარდი დოლარის პატრონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი გახლავთ, თუმცა ამჯერად „სტემფორდ ბრიჯის” აბონემენტი აქვს და „ლურჯების” თამაშებზე დადის.
რუსი მილიარდერი კი, როგორც იცით, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიზის ამბავს ედავება და ამის გამო დასავლეთ ლონდონში ახალი სტადიონის აშენება გადადო. დაირხა ხმები, რომ აბრამოვიჩი გუდა-ნაბადის აკვრასა და ინგლისიდან გადასახლებასაც კი ფიქრობს.
მაგრამ გადასახლდება აბრამოვიჩი ინგლისიდან თუ სააბოლოოდ მაინც მოინადირებს ბრიტანეთის ვიზას, „ჩელსის” გაყიდვას, როგორც ჩანს, არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ მან ლონდონური კლუბი 2003 წელს 140 მილიონ გირვანქად იყიდა.
სხვათა შორის, რაც ვიზის პრობლემები გაუჩნდა, რუსმა ბიზნესმენმა უკვე მიიღო რამდენიმე წინადადება „ჩელსისთან” დაკავშირებით, მათ შორის ერთი ჩინეთიდან, მაგრამ ყველაზე უარი თქვა.
რაც შეეხება რეტკლიფს, ის კლუბის მართვაში გარკვეული ადამიანია. მან ნოემბერში შვეიცარიული „ლოზან სპორტი” იყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ რომან აბრამოვიჩი რეტკლიფთან შედარებით „ღარიბია” — მისი პირადი ქონება 15 მილიარდ დოლარამდეა — როგორც ჩანს, ჯერჯერობით ბრიტანელი რუსის ლონდონურ კლუბს ხელში ვერ ჩაიგდებს.
რეტკლიფთან დაახლოებულმა წყარომ „დეილი მეილს” უთხრა: „ორი მილიარდის ან მსგავსი თანხის გასროლა ჯიმისთვის ოკეანიდან წვეთის ამოღებასავით იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ის ფულზე კი არა, შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობს”.
რაც „ჩელსი” აბრამოვიჩის ხელშია, გუნდი ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და 2012 წელს, ფინალში, „ბაიერნთან” პენალტების სერიით ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.