„მილანის“ სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვერდიქტს გამოგვიტანს 15 ივნისს უეფა, კლუბს ლიდერები არ დატოვებენო:

„გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და იმედია, უეფა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას მოგვცემს, მაგრამ თუ მაინც აგვიკრძალეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, „მილანიდან“ ლიდერები არ წავლენ თუ მათ თავად არ გადაწყვიტეს ჩვენთან განშორება. მეტიც, ჩვენ კლუბის გაძლიერებაზე ვმუშაობთ და მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან ვათანხმებთ სავარაუდო მომსვლელთა სიას. შარშანდელივით 11 ტრანსფერს არ გავაკეთებთ, მაგრამ 3-4 ტოპ-კლასის ფეხბურთელს აუცილებლად ვიყიდით” – განუცხადა „კალჩომერკატოს“ მირაბელიმ.

გეტყვით, რომ „როსონერისთან“ ორიოდ დღის წინ ახალი ხელშკრულება ალესიო რომანიოლიმ და პატრიკ კუტრონემ გააფორმეს, რიგში ჯაკომო ბონავენტურა დგას, ვინაც „იუვენტუსის“ რადარზე გამოჩნდა. რაც შეეხება ჯანლუიჯი დონარუმას, ლეონარდო ბონუჩის და ესპანელ ვინგერ სუსოს, პირველ-ორზე კლუბის ოფისში ამ ეტაპისთვის არანაირი შეთავაზება არ მისულა, სუსოს სამსახურით კი დიეგო სიმეონე არის დაინტერესებული და სურს ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოში“ 45 მილიონ ევროდ წაიყვანოს.

ვის ტრანსფერზე მუშაობს მირაბელი?

„მილანს“ პირველ რიგში მეგოლე თავდამსხმელი სჭირდება, ისეთი, რომელიც სეზონში სულ მცირე, 20 გოლს გაიტანს, ასეთად კი მას „მონაკოს“ კოლუმბიელი რადამელ ფალკაო მიაჩნია, თუმცა სამიზნეზე სხვებიც არიან – ანდრეა ბელოტი „ტორინოდან“, ჩირო იმობილე „ლაციოდან“, მემფის დეპაი „ლიონიდან“ და ედინსონ კავანი „პარი სენ ჟერმენიდან“.