„რეალის” ამბები ვინ იცის თუ არა „მარკამ”, მადრიდული გამოცემა კი წერს, რომ სამშაბათს კრიშტიანუ რონალდუს მომავლის გასარკვევად მაგიდას მიუსხდნენ ფლორენტინო პერესი, ხოსე ანხელ სანჩესი და ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდისი. შეხვედრამ გამოაჩინა, რომ რონალდუ „რეალიდან” წასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

პორტუგალიელი, რომელიც წელიწადში 21 მილიონ ევროს იღებს შორს არის 50 მილიონისგან, რომელსაც ლეო მესი „ბარსელონაში” იღებს და 37 მილიონისგან ნეიმარს „პარი სენ ჟერმენი” რომ უხდის.

„მარკა” ჯერ კიდევ შარშან, ჩემპიონთა ლიგაში „რეალის” მე-12 ტრიუმფის შემდეგ წერდა, რომ ფლორენტინო პერესი კრიშტიანუს ხელფასის მომატებას დაჰპირდა. ფეხბურთელის ბანაკში ამბობდნენ, რომ კონკრეტული თანხა, 30 მილიონიც კი დაუსახელეს, მაგრამ სექტემბერში გადაიფიქრეს, რადგან შეატყვეს, რომ რონალდუ საუკეთესო ფორმაში აღარ იყო.

იანვრიდან რონალდუმ კვლავ აამუშავა გოლების მანქანა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი — „პარი სენ ჟერმენსა” და „იუვენტუსს” გადამწყვეტი ბურთები გაუტანა. ამის დანახვაზე პერესი ფორვარდთან მოლაპარაკებას დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად 25 მილიონი და ბონუსები შესთავაზა. კრიშტიანუს თავმოყვარეობა შეელახა და მოლაპარაკებები სეზონის ბოლოსთვის გადადო. მას სწყინდა, რომ კლუბმა პირობა დაარღვია და იცოდა, რომ „რეალი” ნეიმარის ყიდვასა და მისთვის 37 მილიონის დანიშვნაზე ფიქრობს.

ზემოთ ნახსენებ სამშაბათის შეხვედრაზე კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რეალის” მორიგი შეთავაზება რონალდუს მოთხოვნისგან მეტისმეტად შორს არის. კლუბის წინადადება ასეთი იყო: 25 მილიონი, რომელიც შეიძლება 30 გახდეს თუ „რეალი” და რონალდუ (ორივე!) კიდევ ერთ ტრიუმფალურ სეზონს ჩაატარებენ.

ნეტავ, კერძოდ რას ნიშნიავს მორიგი ტრიუმფალური სეზონი გუნდისა და ფეხბურთელისთვის? — კითხულობს „მარკა”. გუნდმა ლა ლიგა, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა, ხოლო კრიშტიანუმ „ოქროს ბურთი” და „გლობ სოკერის” წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება და კიდევ სხვა ინდივიდუალური პრიზები უნდა მოიგოს?

სამშაბათის შეხვედრაზე აგრეთვე დაუფარავად ითქვა, რომ კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე რონალდუს ორაზროვანმა განცხადებებმა კლუბი ძალიან გააბრაზა.

თავის მხრივ რონალდუს მოთხოვნებს მისი ბოლო პერიოდის შედეგები უმყარებს საფუძველს: ხუთ წელიწადში „რეალმა” ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო თავად ფეხბურთელმა ასევე ოთხჯერ მოიგო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო. სხვას ვის ჰქონია ამ პერიოდში ასეთი შედეგი?

კრიშტიანუ ეჭვობს, რომ „რეალს” მისი თავიდან მოშორება უნდა და ამის გამო სთავაზობს ისეთ რაღაცებს, რასაც ის აშკარად არ იმსახურებს. ამიტომაც მან კლუბს სხვაგან გდასვლის ნება ითხოვა და ამდენი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა პასუხად — „კი ბატონო”. არადა, დღევანდელი კონტრაქტის თანახმად პორტუგალიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2021 წლამდე უნდა დარჩეს, მისი გამოსასყიდი თანხა კი მილიარდი ევროა.

სავარაუდოდ, ბევრი რამ უახლოეს პერიოდში გაირკვევა.