რა გითხრათ, რით გაგახაროთ, როცა საქართველომ ლუქსემბურგთან წააგო. ჩვენ კი ძალიან გვინდა, ასეთი ამბები არ ხდებოდეს და ჯუჯა სახელმწიფო მაინც არ უგებდეს ჩვენებს, მაგრამ ლოგიკურ ჯაჭვს ვერ გავწყვეტთ და სხვა ქვეყნების საფეხბურთო წინსვლას ხელს ვერ შევუშლით.

ვფიქრობ, არც რადიკალიზმში გადავარდნაა კარგი. არიქა, წავაგეთ და ყველაფერი დაინგრა – ასეც არაა. თუმც ვხვდებით, რომ საერთოდ ქვეყანაშია ნეგატიური ფონი, ცუდს უფრო ხედავს ხალხი და ნერვებმოშლილია…

წააგო ნაკრებმა და კვლავ დაიწყო საუბრები, ფეხბურთი გავაუქმოთო, მოედნების ადგილზე სიმინდი მოვიყვანოთო.

რეალურად რომ შევხედოთ, ჩვენ უკვე აღარ ვართ ის საფეხბურთო ქვეყანა, რომელიც ლუქსემბურგს მეორე შემადგენლობით უნდა უგებდეს. ამას იმიტომ ვწერთ, რომ აზრები გამოითქვა, მაგ ლუქსემბურგელებს ჩვენმა პატარებმაც უნდა აჯობონო. წარსულის მოშველიების დრო აღარაა.

წარსულით დავტკბეთ, მოვიგონოთ, მაგრამ წინ გავიხედოთ – სულ არ აინტერესებს ლუქსემბურგელ ფეხბურთელს, შენ ადრე მესხი გყავდა თუ მეტრეველი. გამოდის, გეჯაჯგურება, გამტვრევს…

მართალია, ვლადიმირ ვაისის ზოგიერთი გადაწყვეტილებისა ვერაფერი გავიგეთ (მაგალითად, დავით ხოჭოლავას საყრდენად რა უნდოდა?!), მაგრამ დრო აქვს გასაანალიზებლად. 6 სექტემბერს ერთა ლიგა იწყება და ვიწყებთ ყაზახეთთან გასვლითი მატჩით. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი თამაში სწორედ ეგ იქნება.

წამყვანი ფეხბურთელები ყოველთვის გვაკლდება. ერთი გამოჯანმრთელდება, მეორე იმტვრევა და ასე გრძელდება. თან, ეს ბოლო ერთი-ორი თვე ცუდად მიეწყო, ბევრი დაშავებულია და ბევრნი დაგვაკლდებიან ყაზახეთთან. შეიძლება მანამდე გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ უთამაშებლები, სეზონდაუწყებლები და ფორმაში არმყოფნი გამოგვადგებიან?!

ივნისის დასაწყისში უმეტესად საშინელი შედეგები გვაქვს. თავი იმით დავიმშვიდოთ (სხვა რა გზაა), რომ სხვადასხვა მიზეზით გვაკლდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჭანტურია, გიორგი პაპუნაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, მეორე მატჩში არ იყვნენ ვაკო გვილია და საბა კვირკველია.

მე თუ მკითხავთ, ლუქსემბურგთან წაგებაზე ცუდი ისაა, რომ ვაისს ყაზახეთთან შეუთამაშებელი ნაკრებით მოუწევს გასვლა. ანალიზი სხვაა, შეთამაშება – სხვა. ახლა უნდა შეეთამაშებინა, სექტემბერში ოთხ-ხუთ დღეში, რა ვიცით, რა უნდა მოასწროს. ახლა იქნებოდა იდეალური.