„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე.

ამის მერე მეკარემ თქვა, რომ შეჯახების დროს მე ის გავაბრუე. ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და გავცივდიო”, — თქვა „რეალის” კაპიტანმა AS-თან ინტერვიუში.

მისი მხრიდან ეს იყო პასუხი გუშინ მსოფლიო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თითქოს „ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსმა ორი უხეში შეცდომა იმიტომ დაუშვა, რომ მანამდე რამოსთან შეტაკების დროს ტვინის შერყევა მიიღო.

რამოსი დარწმუნებულია, რომ კრიტიკოსებს მის მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება აღიზიანებთ და ამიტომ უტევენ.

„მე სალაჰს მესიჯებით ველაპარაკე. ის კარგად იყო. ფინალში მისთვის ექიმებს ნემსი რომ გაეკეთებინათ, ბოლომდე ითამაშებდა. ვერ გეტყვით, იქნებ იმის გამო, რომ ამდენი ხანია „რეალში” ვთამაშობ ანდა იმის გამო, რომ დიდი ხანია ტიტულებს ვიგებ, ბევრმა თითქოს სხვანაირად დამიწყო ყურება”.

რამოსი ჟურნალისტებს ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის შემდეგ ელაპარაკა. შაბათს „ლა როხა” მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ტუნისის ნაკრებს ეთამაშება.