მექსიკაში სკანდალია: შოტლანდიასთან ამხანაგური თამაშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების ფეხბურთელები ღამით მეძავებში გავარდნენ. არადა, მონდიალის დაწყებამდე სულ ცოტაღა დარჩა.

პრესას გაახსენდა, რომ 2011 წლის „კოპა ამერიკას” წინ დაახლოებით ასეთივე ლაღობის გამო მექსიკელთა რვა ფეხბურთელი საერთოდ გააგდეს გუნდიდან.

მექსიკური ჟურნალი TV Notas წერს — ფეხბურთელებმა იმიტომ გაინავარდეს, რომ სქოთებთან შინ 1:0 გამარჯვების შემდეგ ეროვნული გუნდის ხელმძღვანელებმა მოთამაშეებს დასვენების და ქალაქში გასვლის ნება დართესო. სტატიაში ირონიულად წერია, რომ „ელ ტრის” (ანუ მექსიკის ნაკრებს) მეძავებმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნამდვილი 24 საათიანი საბრძოლო შემოწმება ჩაუტარეს.

თავაშვებული ზეიმი მეხიკოს ახლომდებარე ლას ლომასში მოეწყო. ის შაბათ საღამოს „აცტეკაზე” მატჩის დამთავრების შემდეგ მალევე დაიწყო და კვირა დღის დღის 4 საათამდე გაგრძელდა.

TV Notas-მა, რომლის ინფორმაცია მთელმა მექსიკურმა და სამხრეთამერიკულმა პრესამ ატიაცა, წყაროზე დაყრდნობით დაწერა:

„ისინი ლას ლომასის ერთ-ერთ სახლში დაახლოებით შაბათ საღამოს თერთმეტის ნახევარზე მოვიდნენ და მუსიკის სასმელის და ქალების თანხლებით დიდებული დრო გაატარეს. მეუღლეები და მეგობარი გოგონები ცხადია არ ახლდათ, რადგან მათ თავაშვებული დროსტარება უნდოდათ. ოცდაათამდე ქალი ჰყავდათ მოყვანილი”.

თვითმხილველმა ფეხბურთელებიდან იცნო გილერმო ოჩოა, კარლოს სალსედო, მარკო ფაბიანი, ჯოვანი დოს სანტოსი და მისი ძმა ჯონათანი, რომელიც 2011 წლის ზემოხსენებული რვა მოქეიფიდან ერთ-ერთი იყო.

მომხდარზე მექსიკის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მექსიკის ნაკრებს შაბათს დანიასთან აქვს ამხანაგური შეხვედრა, შემდეგ რუსეთს გაემგზავრება და 17 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშს ჩაატარებს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ.

1986 წლის შემდეგ „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯგუფში არ ჩარჩენილა.